ახალი ამბები

ევროკავშირის დაფინანსებით თელავში სოციალურ საწარმო გაიხსნა

ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით თელავში სოციალური საწარმო ,,ელვა დელივერი“ გაიხსნა, სადაც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 4 მოზარდი დასაქმდა.

მათი ყოველთვიური ანაზღაურება 375 ლარია. საწარმო დაფუძნდა პროექტის ,,მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელსაც საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ სხვა ორგანიზაციებთან ერთად კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში ახორციელებს.
ცენტრი “აფხაზეთის” წარმომადგენლის, თეა კაჭარავას ინფორმაციით, პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა ტრენინგების, სტაჟირების და სოციალური საწარმოების დაფუძნების გზით.
,,სოციალური საწარმო ,,ელვა დელივერი“ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული მესამე სოციალური საწარმოა. საწარმოს 17 000 ევროს ღირებულების ადგილზე მიტანის სერვისისთვის აუცილებელი საშუალებები გადაეცა. ესენია: მოპედები, საცხობი ღუმელები, სამზარეულოს ინვენტარი და სხვა. ეს სოციალურ საწარმოს საშუალებას მისცემს, მომავალში გაზარდონ დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა და გახადონ სამუშაო პროცესი ეფექტური, მოიზიდონ მომხმარებელთა ფართო რაოდენობა და გაზარდონ შემოსავლები. ,,ელვა დელივერი’’ პირველი სოციალური საწარმოა თელავში, რომელიც მსურველებს ადგილზე მიტანის სერვისს შესთავაზებს. დღესვე ახალი ინოვაციური სერისის ადამიანებამდე მისატანად მოვაწყეთ მსვლელობა და დაწესებულებებს და ორგანიზაციებს ახალი სერვისის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, დავარიგეთ ფლაერები’’,- განუცხადა knews.ge-ს თეა კაჭარავამ.
კომპანია ,,ელვა დელივერის“ წარმომადგენლის, ნათია დავითაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში შექმნილია ასევე მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებით ყველა მსურველს შეეძლება, მოითხოვოს სასურველი კერძის ადგილზე მიტანა.
‘’მობილური აპლიკაციის დახმარებით სასურველი კერძის შეკვეთის შემდეგ მსურველები მოპედების საშუალებით ძალიან მალე მიიღებენ შესაბამის მომსახურებას. მოზარდების ნაწილი, რომელიც დასაქმებულია, მუშაობს მობილური აპლიკაციის გამართულობაზე და ნაწილი კი კერძების შეფუთვაზე’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ნათია დავითაშვილმა.
ევროკავშირის დაფინანსებით, თითოეულ სამიზნე რეგიონში 2 სოციალური საწარმო დაფუძნება იგეგმება, სადაც ბენეფიციარები სტაჟირებას გაივლიან და დასაქმდებიან.

მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი