ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თელავში აქციას 11 ნოემბერს გამართავენ

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას იწყებენ.

თელავში აქცია 11 ნოემბერს გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მანიფესტაციის მიზანია, მოსახლეობას მოუწოდონ, უარი უთხრან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას. აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც იგეგმება.

„მე ვუერთდები მოძრაობას „მე ვიცავ თავისუფლებას“ არა როგორც პოლიტიკოსი ან რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, არამედ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც სხვა წლებშიც თავისუფლების სადარაჯოზე იდგა და დღესაც დგას, როდესაც ხელშესახები საფრთხეა იმისა, რომ ეს ქვეყანა ისევ ძალადობრივი მეთოდებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიგდოს ხელში. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ხალხი არის მაქსიმალურად კონსოლიდირებული და ერთიანი იმ ღირებულებების სადარაჯოზე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით 2012 წელს მოიპოვა. ამაში საზოგადოებამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. ხშირ შემთხვევაში ეს იყო ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ჩვენი თავისუფლება. ეს მონაპოვარი ასე ადვილად არ დაითმობა.

ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველი შეხვედრა დაგეგმილია 11 ნოემბერს თელავში, შემდეგ ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ყველგან, სადაც ეს მოკლე ვადები მოგვცემს საშუალებას, რათა მოსახლეობას მოვუწოდოთ დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე, კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრას უარი ქვეყანაში არეულობას და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვატო შაქარაშვილმა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი