ენმ სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

,,ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
საქმე ეხება, 28 ოქტომბერს გიორგი ბაბაკაშვილის მიერ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატების ჩამოხევას, რის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა სიღნაღის მერიას რეაგირებისთვის მიმართა. თავის მხრივ მერიამ სარჩელი სასამართლოში წარადგინა. ბაბაკიშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
გიორგი ბაბაკიშვილი სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორის და ერთ-ერთ სოფელში მერის წარმომადგენელის ჩვენებების საფუძველზე მიიღო.
,,სააგიტაციო მასალა ჩამოკიდებული იყო ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან, გარეთ კედელზე. მე მედავებიან, რომ თურმე მივედი უბანზე და ეს პლაკატი ჩამოვხიე. მოიყვანეს ჩემ წინააღმდეგ მოწმეები, საიდანაც ერთი სოფლის რწმუნებულია, ერთი ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ააიპ ორგანიზაციაში დასაქმებული პიროვნება. ეს პირები მოიყვანეს მოწმეებად სასამართლოზეც და მათ მისცეს ჩვენება ჩემ წინააღმდეგ. იმ დღისით ყველა უბანზე ვიყავი, რადგან ვარ მე-13 საოლქო-საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’. იმის გამო, რომ ვარ გრიგოლ ვაშაძეს შტაბის ხელმძღანელი სიღნაღში, გადაწყვიტეს ამ მიმართულებით ჩამოვეშორებინე. დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი და სასამართლომ იმ მოწმეების ჩვენების საფუძველზე მიიღო ჩემი დაჯარიმების გადაწყვეტილება. წარმოდგენილი იყო ორი ფოტოსურათი, სადაც მე ვარ და მიკავია სააგიტაციო მასალა, სადაც 48 ნომერი აწერია. ეს მოაქვთ მტკიცებულებად, თუმცა არ ვიცი, როდის არის გადაღებული. არსად ჩანს, რომ მე მივედი და ჩამოვხსენი სააგიტაციო მასალა. ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები და აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბაბაკიშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *