ახალი ამბები

თელავში სახალხო დღესასწაული ,,ერეკლეობა- 2018“ აღნიშნეს

ერეკლე მეფის დაბადებიდან 298 წლისთავთან დაკავშირებით თელავში სახალხო დღესასწაული ,,ერეკლეობა- 2018“ გაიმართა. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, თელაველი მხატვრების და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვა.

,,წელს ამ ღონისძიებების აღსანიშნავად უფრო აკადემიური სტილში გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიება: თელაველი ხელოვანის, ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა მეფის სასახლის აივანზე, ასევე მხატვარ გიორგი გეგეჭკორის გამოფენა – სამეფო პორტრეტები სერიიდან „ბაგრატიონები“, რომელიც ჩატარდა ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, ასევე რაც მნიშვნელოვანია, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი „მეფე ერეკლე -ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუმრები. დღის ბოლოს კი 2018 წლის „საპატიო თელაველების“ დავასახელებთ და თელავის თეატრის წინ გაიმართება გალა კონცერტი’’,-განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა უკრაინის ქალაქ ბალტასთან და ბელარუსის ქალაქ კლეცკთან.