ახალი ამბები

თელავის ცენტრალურ მოედანზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

თელავში, ერეკლე მეორეს გამზირზე, გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს.

ისინი ერეკლეობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ბატონის ციხის მიმდებარე ტარიტორიაზე გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. მათი განცხადებით, სხვა ქალაქებში სახალხო დღესასწაულების დროს სპეციალური დახლებია განთავსებული, სადაც მათ თავიანთი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა აქვთ.
“მხოლოდ თელავშია გარევაჭრობა აკრძალული. ყველა ქალაქში დავდივართ ხოლმე ასეთი დღესასწაულების დროს, მაგრამ ასეთი პრობლემა არ შეგვქმნია. ვითხოვთ, რომ მოგვცენ ვაჭრობის ნებართვა. გვეუბნებიან, თეატრის ტერიტორიაზე ივაჭრეთო. იქ არავინ მოვა”, – განუცხადეს knews.ge-ს გარემოვაჭრეებმა.
აქციის მონაწილეებს შეხვდა თელავის მუნიციპალიტეტის მერი. შოთა ნარეკლიშვილის თქმით, წელს, გამონაკლისის სახით, მოვაჭრეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია მათთვის სასურველ ადგილას გაყიდონ.
“მოვაჭრეებს მერიამ შესთავაზა ალტერნატიული ფართი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა მათთვის ეს ადგილი მიუღებელი იყო. გადავწყვიტეთ, რომ, წელს გამონაკლისის სახით, მოვაჭრეებმა გაშალონ დახლი სასურველ ადგილას, თუმცა ამ პროცესს გააკონტროლებს მერიის ზედამხედველობის სამსახური”, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას შოთა ნარეკლიშვილმა.
დღეს თელავში ერეკლე მეფის დაბადებიდან 298 წლისთავი აღინიშნება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მთელი დღის განმავლლბაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.