ახალი ამბები

,,კომპეტენციების დიდი ნაწილი თვითმმართველობის განკარგულებაში გადავა’’

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება, რომელიც გათანაბრებით ტრანსფერის ფორმულის ცვლილებას ეხება. 
უწყების ინფორმაციით, დეცენტრალიზაციის ფარგლებში კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ეტაპობრივად ცენტრალურიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რის შემდეგაც ეკონომიკური და სოციალური საკითხების დიდი ნაწილი ადგილზე გადაწყდება.
,,სამინისტროს ინიციატივით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით სამუშაო ჯგუფების შეხვედრები პერიოდულად იმართება. თვითმმართველობების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციის კონტექსტში გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილებაზე ინფორმაციას ვაწვდით. ის ნაბიჯები, რომელიც ფისკალური დეცენტრალიზაციის მიმართულებით გადაიდგა და განსაზღვრულია 2019 წლის ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანია. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზანი მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. გათანაბრებითი ტრანსფერის მიზანია სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების გათანაბრება. თუ როგორი სახით უნდა მოხდეს აღნიშნული მიმართულებით თანხების გადასვლა მუნიციპალიტეტების დონეზე ამ საკითხებზე შეხვედრები კიდევ გაიმართება,“ – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.