არჩევნებიახალი ამბები

სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განუხილველად დატოვა

სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიამ 6 საჩივრიდან არც ერთი არ განიხილა. როგორც knews.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარე მანანა მჭედლიშვილმა განუცხადა, საჩივრების განუხილველად დატოვების მიზეზი იყო მათი შედგენისა და წარდგენის წესის დარღვევა.
“სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 6 საჩივარი შემოვიდა, აქედან 4 არჩევნების დღეს და 2 გუშინწინ. ექვსივე შემთხვევაში დარღვეული იყო საჩივრის შეტანის წესი და პირობები. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საჩივარი ჯერ უნდა დაიწეროს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, რომელმაც საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გაატაროს. დარღვევა, რომელზეც საჩივარი იწერება, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა აღმოფხვრას. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, სუბიექტს 2 დღის ვადაში აქვს უფლება საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანოს საჩივარი. ამ შემთხვევაში ექვსივე საჩივარი შემოიტანეს პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, აღნიშნული მიზეზის გამო საჩივრები განუხილველი დარჩა”, – განუცხადა knews.ge-ს მანანა მჭედლიშვილმა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი