საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი ძირითადი დარღვევები – შეფასება

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხსენებას აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია იმ ძირითად დარღვევებზე, რომლებიც არჩევნების დღისით და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს დაფიქსირდა.
დოკუმენტში საუბარია წინასაარჩევნო ღონისძიებების ხელის შეშლაზე, აგრეთვე პარტიის ოფისებისა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალების დაზიანების შემთხვევებზე.
,,შეშფოთება გამოვთქვით ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნული პრაქტიკით გამოწვეული ზეწოლის გამო. ჩვენი დაკვირვების არეალში მოექცა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში ყოველთვის არ შეესაბამებოდა არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც ბუნდოვანს ხდიდა ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის. აღსანიშნავია, რომ არცერთი დარეგისტრირებული კანდიდატი არ წარმოადგენდა უმცირესობათა ჯგუფებს.“
მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო კამპანიის ზედაპირულ გაშუქებაზე, რის გამოცა ამომრჩეველს სრულყოფილად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შეეზღუდა.
,,ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც საარჩევნო უბნებს გარეთ აღნიშნავდნენ, თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად, შეშფოთების საფუძველს ქმნის. დასჯის შიშის ზეწოლის ქვეშ მყოფ ამომრჩევლებს ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.“
მიუხედავად იმისა, რომ ცესკო პროცესში ჩართული მხარეების ნდობით სარგებლობდა, ზოგიერთმა ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტმა და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ეჭვი შეიტანა ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობაში წევრთა შერჩევისა და შემადგენლობის გამო.
,,რეგისტრაციის პასიური სისტემა მოქმედებს. მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის მქონე ამომრჩევლები სიაში ჩაწერის მუდმივი მისამართის, ფაქტობრივი (დროებითი) მისამართის ან რეგისტრაციის ძველი მისამართის მითითების მიხედვით არიან შეყვანილი“.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (ODIHR EOM) თვალთახედვის არეში მოხვდა რამდენიმე ჩაშლილი წინასაარჩევნო ღონისძიება და პარტების ოფისების დარბევისა და კამპანიისთვის საჭირო მასალების დაზიანების მრავალი შემთხვევა.
,,წინასაარჩევნო კამპანია დახუნძლული იყო საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებისკენ მიმართულ სადავო თემებით, ნეგატიური კამპანიის წარმოებისა და „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას შორის გაჟღერებული მძიმე ბრალდებების ფაქტებით. კანდიდატები საუბრობდნენ დაპირებებზე, მაგრამ არ წარმოუდგენიათ სტრუქტურირებული საარჩევნო პროგრამა. გენდერული საკითხები არ იყო სათანადოდ წარმოჩენილი, ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე კი მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ისაუბრეს“.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლელების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან (ODIHR EOM) საუბრისას საარჩევნო პროცესში ჩაბმულმა დაინტერესებულმა მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების სავარაუდო ფაქტების შესახებ.
,,საუბარში საარჩევნო პროცესში ჩაბმული ბევრი დაინტერესებული მხარე აღნიშნავდა, რომ მმართველი პარტია კოორდინატორთა მექანიზმს ეყრდნობა, რომლის მეშვეობითაც კენჭისყრის დღემდე გროვდება ამომრჩეველთა პირადი მონაცემები და შესაბამისად დგება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მომხრეთა სავარაუდო სია. „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი ღიად საუბრობს ამ პრაქტიკაზე.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მსგავსი სიების წარმოდენას საჯარო უწყებების მოხელეებსაც სთხოვენ“.

დოკუმენტში საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზეც. ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტიებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არის ერთგვაროვანი. კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები არ ითვალისწინებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციებს.
,,აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო მოხელემ და მმართველი პარტიის მაღალჩინოსანმა წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფები მათი განცხადებების გამო. ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფები ამგვარ კრიტიკას ხელისუფლების მხრიდან კოორდინირებულ თავდასხმად აფასებენ“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უბნებზე ზედმეტი ხალხმრავლობა შეინიშნებოდა საარჩევნო უბნების 6 პროცენტზე მეტ შემთხვევაში. ეუთოს შეფასებით, ამით შეიზღუდა დამკვირვებლების საშუალება, დაკვირვებოდნენ საარჩევნო დღეს.
,,ბუნდოვანია, ჰქონდათ თუ არა ამომრჩევლებს შესაძლებლობა ხმა მიეცათ ძალადატანებისა და დასჯის შიშის გარეშე. საარჩევნო უბნების 60%-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამოუკიდებლად უბანზე წდვომის საშუალებას არ აძლევდა“.
დოკუმენტის მიხედვით, კანონის მიხედვით გაწერილი გარკვეული პროცედურები დათვლის პროცესში ხშირად იქნა გამოტოვებული. საარჩევნო ბიულეტენები, რომლებსაც დამატებითი ნიშნები აღენიშნებოდა, ხშირ შემთხვევებში ჩაითვალა ვარგისად, რადგან აღნიშნული ქმედება არ არის აკრძალული.
,,საუბნო საარჩევნო კომისიებს გაუჭირდათ შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა და ადრე შედგენილი ოქმები გადააკეთეს. საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმები მიეწოდათ IEOM დაკმვირვებლებს, თუმცა საუბნო კომისიებმა შედეგების შემაჯამებელი ხელმოწერილი ოქმები საჯაროდ არ გამოაქვეყნეს იმ უბნების მესამედში, სადაც დამკვირვებლების იმყოფებოდნენ, რითაც შეიზღუდა გამჭვირვალობა“.

მოამზადა ნატალია ცისკარაშვილმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *