არჩევნებიახალი ამბებივიდეორეპორტაჟისტატიები

ხმას ვაძლევ პირველად

ოზჯან ფილიევი და ასლან მუსაევი 28 ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს პირველად მოიხდიან.
18 წლის ახალგაზრდები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ. მათი ოცნებაა, საქართველოს ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების პრობლემების მოგვარება იქნება.
ოზჯან ფილიევი ფიქრობს, რომ ქვეყნის პირველ პირს უნდა ჰქონდეს ინიციატივები, რომელიც მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ოზჯანი ამავე დროს მიიჩნევს, რომ ქვეყნის ახლადარჩეული მეთაური მისაბაძი პიროვნება უნდა იყოს.
,,წელს არჩვენებში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს შეუძლია, კარგი საქმეები გააკეთოს და პრობლემები მოაგვაროს. უმუშევრობა არ უნდა იყოს, რადგან ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან. ისინი სამსახურს საქართველოში უნდა შოულობდნენ. მინდა, რომ ქართული ენა ისწავლებოდეს გაძლიერებულად, სკოლასა და სოფელში იყოს ბევრი პროექტი. მე არჩევნებზე მხარს დავუჭერ იმას, ვისაც ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებაზე კარგი პროგრამა ექნება. ჩართული ვარ არჩევნების მარათონშიც და სოფელში რომ მოდიან პოლიტიკოსები ხალხთან შესახვედრად, ვესწრები და ვუსმენ. მე ვფიქრობ, რომ ერთი ხმაც მნიშვნელოვანია არჩევნებზე, ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ოზჯან ფილიევი.
ასლან მუსაევიც 18 წლისაა. ის ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად პრეზიდენტმა ხალხთან ერთად უნდა იზრუნოს.
,,ძალიან მიხარია, რომ სრულწლოვანი ვარ და არჩევნებში მონაწილეობა მიწევს. მე და ბევრი ახალგაზრდა ვფიქრობთ, რომ მომავალმა პრეზიდენტმა ხალხის აზრი უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს. პრეზიდენტი საქართველოსთვის უნდა ზრუნავდეს მოსახლეობასთან ერთად.
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს სკოლებს, სპორტულ დარბაზებს. პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს ახალგზრდების აზრი, ბევრს სწავლა უნდა, ვარჯიში და ამაში ხელი უნდა ეწყობოდეს. აუცილებელია, რომ სოფლებსა და სკოლებში ხორციელდებოდეს ახალგაზრდული პროექტები , არ უნდა ირჩეოდეს ქართველია თუ ეთნიკურად სხვა ეროვნების ახალგაზრდა, ერთად უნდა ვიმუშაოთ“,
– ამბობს knews.ge-სთან მუსაევი.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდის აუცილებლობაზე მიუთითებენ მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ თავმჯდომარე ლაურა ხარიტონაშვილი ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადობრივმა ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეთნიკურ თემში მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციას.
,,მნიშვნელოვანია, რომ აზალგაზრდებმა გაიაზრონ სამოქალაქო თვითშეგნების არჩევნების მნიშვნელობა და ასევე, საკუთარი როლისა და მონაწილეობის მნიშნელობა. აუცილებელია მათი აქტიური ჩართულობა პროექტებში და ინტეგრაცია საზოგადოებასთან“, – განუცხადა Knews.ge-ს ლაურა ხარიტონაშვილმა.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი

ხმას ვაძლევ პირველად

Posted by კახეთის ხმა / knews.ge on ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი, 2018

ავტორი: ვასილ ბაბუაშვილი