პლაკატების ომი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კი სოფლებში მათი კანდიდატის სააგიტაციო მასალის განთავსებაზე ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამომრჩევლები გარემოს დანაგვიანებაზე ჩივიან და ამბობენ, რომ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები ოპონენტი კანდიდატების პლაკატს ხევენ და დაბლა ყრიან. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში აცხადებენ, რომ 25 პრეზიდენტობის კანდიდატიდან დაახლოებით 4 პრეტენდენტის პლაკატია გაკრული.
ყარაჯალას მკვიდრი ალი ბელიევი მიუთითებს, რომ სხვადასხვა კანდიდატის პლაკატები ერთმანეთზეა გადაკრული, რაც აღსაქმელად რთულია. მისი თქმით, სოფელში ძირითადად დავით ბაქრაძის, გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალაა გაკრული, შალვა ნათელაშვილის კი მხოლოდ რამდენიმე პლაკატია განთავსებული.
,,ერთმანეთზეა გადაკრული პლაკატები და თან ძალიან ბევრია. სოფელში, სკოლის წინ, ერთ პატარა ადგილას დავით ბაქრაძის, სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის ბევრი პლაკატია გაკრული. ყველაზე ცოტა შალვა ნათელაშვილის პლაკატებია, სულ რამდენიმე ცალია’’,– ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ალი ბელიევი.
ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ სააგიტაციო მასალის უკონტროლო გამოყენება გარემოს დაბინძურებას და შენობების იერსახის დამახინჯებას იწვევს. ისინი ამავე დროს მკვეთრად უარყოფითად აფასებენ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მიერ ოპონენტი კანდიდატების პლაკატების განადგურებას.
,,სოფელში თითქმის ყველა აქტიური კანდიდატის საარჩევნო პლაკატია გაკრული, თუმცა ის, რაც გაკრული იყო, ჩამოხეულია და დაბლა ყრია. იმ ადგილებში, სადაც სააგიტაციო მასალაა გაკრული, დაბინძურებულია’’, – აღნიშნავს ჯოხარა ჯადიქარყიზი.
სააგიტაციო მასალების განადგურების თავიდან ასაცილებლად ყარაჯალას მაცხოვრებლები კანონის გამკაცრებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ საარჩევნო პლაკატების დაზიანებისთვის კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ეფექტური სანქცია არ არის.
„აუცილებელია, რომ სახელმწიფო კანონი გაამკაცროს. პლაკატების დახევა უკვე ჩვულებრივ მოვლენად იქცა. ეს დაუშვებელია. მხოლოდ ჯარიმა საკმარისი არ არის“, – ამბობს შამირა ბაირამოვი.
პლაკატების განთავსებას არეგულირებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი. კანონის მიხედვით, დაუშვებელია და კანონმდებლობით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის გაკრული.

ავტორი: მაკა ხაზიური

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *