ახალი ამბები

„თელავის საოლქო და საუბნო კომისიების წევრებს გაყალბების ტრენინგი არ ჩატარებიათ“

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უარყოფს ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბოტკოველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსთავის მერიის თანამშრომელმა, თამთა დოკვაძემ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის თელავის ერთ-ერთ სასტუმროში არჩევნების გაყლბების ტრენინგი ჩაატარა. გიორგი კალმახელიძის თქმით, ბოტკოველის განცხადება პოპულისტურია.
„თამთა დოკვაძესთან სამართლებრივ ჭრილში რაიმე სახის ურთიერთობა არ მქონია. მე ვფიქრობ, რომ გაყალბების ტრენინგთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პოპულისტურია. თელავის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გაყალბების ტრენინგი არ ჩატარებიათ“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ knews.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხს სწავლობენ და შესაბამის დასკვნას მოგვიანებით გაავრცელებენ.
„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ამ ტრენინგის შესახებ ინფორმაცია. ამ საკითხს ვიკვლევთ. აუცილებლად გავესაუბრებით ტრენიგის მონაწილეებს და გამოვკითხავთ, რის შესახებ ჩაუტარდათ ტრენინგი“. – განაცხადეს „სამართლიან არჩევნებში“.
გიორგი ბოტკოველმა 19 ოქტომბერს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რუსთავის მერიის თანამშრომელმა თამთა დოკვაძემ თელავში ცესკოს თანამშრომლებისთვის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის გაყალბების მეთოდების შესახებ ტრენინგი ჩაატარა. ნაციონაური მოძრაობის წევრის მტკიცებით, ტრენინგის დროს თამთა დოკვაძეს თან პერსონალური მონაცემების დასადგენად საჭირო დოკუმენტიც ჰქონდა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი