არჩევნებიახალი ამბები

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 3 709 საარჩევნო უბნისთვის, 3 259 900 ბიულეტენი დაიბეჭდება.

მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი.
„საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს – ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით.
“თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე – 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890 ამომრჩეველი”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ავტორი: მაკა ხაზიური