არჩევნებიახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა -ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

,,ნაციონალური მოძრაობის’’ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. 
გიორგი ბოტკოველის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში თელავში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს დარბაზში გაურკვეველი თემატიკის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ცესკოს თანამშრომლებთან ერთად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებიც ესწრებოდნენ.
მისივე ინფორმაციით, ტრენინგს რუსთავის მერიის თანამშრომელი თამთა დოკვაძე ატარებდა, რომელსაც თან პერსონალური მონაცემების დასადგენად საჭირო დოკუმენტი ჰქონდა.
,,გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტში. დღეების განმავლობაში, ერთ-ერთი სასტუმროს დარბაზში ტარდებოდა გაურკვეველი სახის ტრენინგები, რომელსაც ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები და ის პირები, რომლებიც არჩეულნი არიან საუბნო კომისიის წევრებად. ჩვენ გადამოწმების შემდეგ დავაფიქსირეთ ის ფაქტი, რომ ცესკოს მოხელეებისთვის ის ადამიანი ატარებდა ტრენინგს, რომელსაც წესით არანაირი შეხება არ უნდა ჰქოდეს ამ საკითხთან. ის არის რუსთავის მერიის თანამშრომელი თამთა დოკვაძე, რომელიც პირდაპირ გაყალბების პროცედურებზე ატარებდა ტრენინგს. მას ასევე ხელთ ჰქონდა ისეთი სახის დოკუმენტი, რომელიც პირადი პერსონალური ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება და რომელიც რეგისტრირებული იყო რუსთავის მერიაზე. ის ამ დოკუმენტით ცდილობდა, ტრენინგის მონაწილეებისთვის ეჩვენებინა, როგორ შეიძლება გაყალბდეს პირადი მონაცემები. ეს ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ემზადება გაყალბებისთვის და არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები’’,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.