არჩევნებიახალი ამბები

დავით ბაქრაძე- ქვეყანას სჭირდება ლიდერი, რომელიც არ იჯდება მხოლოდ კაბინეტში

,,ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ თელაველ ამომრჩეველს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ქართველ ემიგრანტებს უცხოეთში ლეგალურად მუშაობის დაწყებაში დაეხმარება. ქართველი ახალგაზრდებისთვის კი უცხოეთში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობას გეგმავს.
ბაქრაძეს თქმით, მისი პრიორიტეტი ასევე იქნება საქართველოს ღირსეულად წარდგენა უცხოეთში, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და მეტი ინვესტორის შემოყვანა სამუშაო ადგილის შესაქმნელად.
კახელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას დავით ბაქრაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასა და პრეზიდენტის არჩევის ახალ წესზე. მისი თქმით, ძალების დაბალანსების და მეტი ინსტიტუციების შექმნის მაგივრად მთავრობამ გააუქმა და ჩამოშალა უწყებები, რაც ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
,,საქართველოში სულ იყო მმართველობა ერთი ადამიანის ხელში, რაც პრობლემებს ქმნიდა. ჩვენ გვჭირდება ბევრი ინსტიტუცია, რომელიც იქნება მთავრობის საქმიანობის მაკონტროლებელი. ამის მაგივრად კი მთავრობამ გააუქმა თვითმმართველი ქალაქები, ჩამოშალა პრეზიდენტის ინსტიტუტი და მივიღეთ ის, რომ ქვეყნის ლიდერს მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით ვეღარ აირჩევს. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები ისე, რომ არავის აზრს არ მოუსმინა. ეს ყველა ქმედება არის ტესტი, იმის გასაგებად თუ რამდენის მოთმენა შეუძლია ხალხს. სწორედ არჩევნები არის ის ტესტი, რომელიც უნდა ჩააბაროს მოსახლეობამ’’,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ის მანდატით დაკისრებული ვალდებულებების გარდა, პოლიტიკური საქმიანობით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობების განხორციელებას გეგმავს.
,,არის საკითხები რაც პრეზიდენტს მანდატით ეხება და ის უნდა გააკეთოს, მაგრამ ამის იქით, არის პოლიტიკური ცხოვრება, რომლის დროსაც პრეზიდენტმა სასარგებლო საქმეები უნდა გააკეთოს. მისი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოუწოდოს საზოგადოებას შერიგებისკენ და არა მათ დაპირისპირებას შეუწყოს ხელი. თუ პრეზიდენტი იქნება ლიდერი, მას ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია მანდატის გარეშეც. გამარჯვების შემთხვევაში მე არ ვაპირებ ვიყო პრეზიდენტი, რომელიც თავისი მანდატის იქით არაფერს გააკეთებს’’,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თელავი ჩემი ქალაქიას” ინიციატივით გაიმართა.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი