თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი ჩაიშალა

თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის ცნობით, თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი უმოკლეს დროში ხელახლა გამოცხადდება.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2018 წლის 28 მარტს გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების შესახებ.

საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გაცემული დაფინანსების ფარგლებში, ბანკის პროცედურებით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 11-მა უცხოურმა კომპანიამ. სატენდერო კომისიის მიერ შერჩეული პრეტენდენტი ჩინური კომპანიის დოკუმენტაცია შეთანხმდა აზიის განვითარების ბანკთან, თუმცა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი მენეჯმენტის მიერ დაკომპლექტებულმა ახალმა სატენდერო კომისიამ კომპანიის მიერვე მოწვეული აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების კონსულტანტთან ერთად შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია და გამოავლინა მასში შეუსაბამობები. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი რიგი ტექნიკური მახასიათებლები და კომპანიის გამოცდილება არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს.

აღმოჩენილი შეუსაბამობების შესახებ წყალმომარაგების კომპანიამ აცნობა დამფინანსებელ ორგანიზაციას და ითხოვა თავდაპირველი დასკვნის გადახედვა.

ამდენად, აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების საერთაშორისო ტენდერს ჩაშლილად აცხადებს.

თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი უმოკლეს დროში ხელახლა გამოცხადდება. აზიის განვითარების ბანკი კვლავ დაუჭერს მხარს და დააფინანსებს აღნიშნულ პროექტს“, – ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *