სიღნაღის ისტორიული გალავნის დამახინჯების საქმე შესაძლოა პროკურატურაში გაიგზავნოს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიღნაღის მე-18 საუკუნის ისტორიული გალავნის დამახინჯების საქმე შესაძლოა პროკურატურას გადაეცეს.

როგორც Knews.ge-ს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განუცხადა, შალვა თადუმაძის უწყება საქმეს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გამოიკვეთება, რომ სამუშაოების ფარგლებში ისტორიული ძეგლი დაზიანდა.

ისტორიული გალავნის ნაწილის შელესვის გამო სიღნაღის მერია და სამშენებლო კომპანია „ინსტალ პლიუსი“ 12 000 ლარით დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევას გულისხმობს.
„ისტორიულ ძეგლზე უნებართვო სამუშაოების შესრულების გამო მერიამ კანონი უხეშად დაარღვია, რადგან გალავნის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არ შეათანხმა. ჩვენ ვაგრძელებთ საკითხის მოკვლევას და თუ გამიკვეთა, რომ ძეგლი დაზიანებულია, საქმეს პროკურატურას გადავცემთ“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.
სიღნაღის ვიცე მერის განცხადებით, ისტორიული გალავნის შელესვა პროექტით არ იყო განსაზღვრული. როგორც Knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, პროექტი ითვალისწინებდა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას და არა ისტორიული ძეგლის რეასტავრაციას. მისივე თქმით, მერია არ ეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც უწყება 12 000 ლარით დაჯარიმდა.
„კატეგორიულად არ ვეთანხმებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებას, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ უნებართვო სამუშაოების წარმოების გამო ჩვენი პასუხისმგებლობა იკვეთება. თუ ჩვენ დაგვაჯარიმებენ 12 000 ლარით, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში. მერიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არ შეათანხმა, რადგან არანაირი შეხება არ უნდა ყოფილიყო ისტორიულ გალავანთან და ბურჯთან. პროექტის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია, რომელშიც არ შედის ისტორიული ნაწილი. მერიას ასევე დაქირავებული ჰყავდა საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იყო, გაეკონტროლებინა, როგორ ახორციელებდა ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანია სამუშაოებს. არც მონიტორინგის ჯგუფს და არც კომპანიას პროექტში არ ჩაუხედავს“, – აღნიშნა მადონა ბატიაშვილმა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *