იორმუღანლოში ასეულობით ცხვარი დაიხოცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ასეულობით ცხვარი დაიხოცა. ადგილობრივი მოსახლეობა   ცხვრის მასობრივ გაწყვეტას უცხოელ ინვესტორებს უკავშირებენ.   

დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.  იორმუღანლოს მკვიდრთა განცხადებით, შემთხვევის მიზეზი  ირანელი  ინვესტორებისთვის საძოვრების მიყიდვა გახდა, რასაც ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა.  რამდენიმე კვირის წინ  ინვესტორების წარმომადგენლებმა ფერმერები გააფრთხილეს, რომ ცხვარი  საძოვრებიდან გაეყვანათ. ამ შემთხვევას მალევე მოყვა ცხვრის მასობრივი გაწყვეტა.

ჯერ კიდევ მაისში საგარეჯოში სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობის ნაწილი უცხოურ საინვესტიციო კომპანიას დაუპირისპირდა. მიზეზი ის გზა გახდა, რომლითაც მწყემსებს საქონელი საძოვარზე მიჰყავდათ. საინვესტიციო კომპანიაში ამბობდნენ, რომ საქონელი მათ საკუთრებაში არსებულ ნარგავებს ანადგურებდა, ამიტომ გზაზე ხნულები გაავლეს. მოსახლეობამ გზა თვითნებურად აღადგინა.

იორმუღანლოს მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ საქონლის გადასარეკი გზის გარეშე დარჩნენ, რადგან უცხოურმა საინვესტიციო კომპანია ”არიკ ჯგუფმა” გზაზე, რომლითაც 9 სოფლის მოსახლეობას საქონელი საძოვრად გადაჰყავდა, თხრილები გაიყვანა და ხალხს სარგებლობა აუკრძალა. იორმუღანლო ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობა-მეცხვარეობას მისდევს. ადგილობრივ კაზანფარ მამედოვის განცხადებით, მწყემსებს ალტერნატიული გზით სარგებლობისას დამატებით 15 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ, რაც მათთვის მიუღებელია.

მოსახლეობა ცხვრის გაწყვეტას სწორედ ამ კონფლიქტს უკავშირებს. მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ცხვრების მოწამვლის ფაქტს ადასტურებს.  საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ  259-ე მუხლით დაიწყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *