სიღნაღის გალავნის ბეტონით შელესვის გამო მერია სავარაუდოდ 15 000 ლარით დაჯარიმდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი შესასვლელის ბეტონით შელესვის გამო მერია, სავარაუდოდ, 15 000 ლარით დაჯარიმდება. როგორც knews.ge-ს ბექა ბარამიძემ განუცხადა, საქმე შესაძლოა პროკურატურაშიც გადაიგზავნოს.
“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სიღნაღში რამდენიმე წუთში ჩავლენ და საკითხს ადგილზე შეისწავლიან. დაუშვებელია ძეგლის ბეტონით შელესვა და მასზე ნებისმიერი მიშენება. თუ მერიის ნებართვით განხორციელდა ეს სამუშაოები, მაშინ თვითმმართველი ერთეული დაჯარიმდება 15 000 ლარით. თუ ძეგლი დაზიანებულია, არ არის გამორივცული, რომ საქმე პროკურატურაში გადაიგზავნოს”, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ბარამიძემ.
სიღნაღის მერის, გიორგი გოგილაშვილის განმარტებით, კონსტრუქცია გალავანს არ ამახინჯებს და ის ტურისტულ ბილიკზე ასავლელად გაკეთდა.
“ადრეც ასე იყო, ეხლა გავალამაზეთ და განვაახლეთ. გალავანი არ დამახინჯებულა. აღნიშნული სამუშაოები ერთ-ერთმა კომპანიამ მერიის დავალებით შეასრულა”, – აღნიშნა გიორგი გოგილაშვილმა.

ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *