ახალი ამბები

“რეაბილიტაციის შემდეგ თელავის ისტორიულ მუზეუმში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა”

თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ მუზეუმში ტურისტების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება.

გურამ ურჩუხიშვილის თქმით, მუზეუმში ძირითადად გერმანელი, პოლონელი, უკრაინელი და რუსი ტურისტები მოდიან.
“მას შემდეგ რაც მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. მუზეუმს ტურისტები ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან სტუმრობენ. მოგეხსენებათ ცალკე სივრცე გვაქვს ვერანდა, სადაც 15 ოქტომბერს თელაველი შემსრულებლების მონაწილეობით საინტერესო საღამოს ვგეგმავთ. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება”, – განაცხადა ურჩუხიშვილმა.
თელავის განახლებული ისტორიული მუზეუმი მიმდინარე წლის 17 მაისს გაიხსნა. მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მუზეუმში 65 000 ექსპონატია დაცული.
მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის. მუზეუმს, ასევე, შეემატა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები, რარიტეტული გამოცემები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები. პროექტის მიზანია თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნა და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა. ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი ლარია.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი