ახალი ამბები

ახმეტაში მდებარე შუა საუკუნეების მარანს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში მდებარე შუა საუკუნეების მარანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უძრავი სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, მარანი ნატეხი ქვით ნაგები სწორკუთხა ნაგებობა იყო, ამჟამად ადგილზე შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი კედლის ქვედა რიგი, სხვა კედლების მხოლოდ კონტურები იკითხება.
,,მარნის ნაგებობის დასავლეთ კედელზე შიგნიდან მთელს სიგრძეზე მიდგმული ყოფილა ქვისავე საწნახელი, რომელსაც აღმოსავლეთ კედელში აქვს სადინარი მილი გაკეთებული. მარნიდან შემორჩენილია მხოლოდ საწნახელი, რომელიც ამოვსებულია მიწით. საწნახელის აღმოსავლეთით, მარნის შიგნით ჩადაბლებული ადგილია, სადაც, სავარაუდოდ, ქვევრები უნდა ყოფილიყო”, – განაცხადეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.