სალომე ზურაბიშვილი- ვიქნებით ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თელავში ამომრჩევლებს შეხვდა.
ბატონის ციხის ტერიტორიაზე მან ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მანამდე ამომრჩევლებს სიტყვით პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიმართეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, თელავის ბატონის ციხის დიდი გალავანი არის სიმბოლო იმისა, თუ რა იყო და რა არის საქართველო. მისი განმარტებით, აუცილებელია ყველამ საქართველოს ისტორია თავისი მიღწევებით და შეცდომებით გაიგოს და გააანალიზოს.


სიტყვით გამოსვლისას მან ასევე განათლების და კულტურის მიმართულებით სამომავლო ხედვაზეც ისაუბრა.
“კახეთი არის ჩემი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ტარდება შეხვედრა. ამ დიდ გალავანში, რომელიც არის მართლაც, სიმბოლო იმის, თუ რა იყო და რა არის საქართველო. დიდი გალავანი, იმიტომ, რომ დაცული უნდა ვიყოთ და მოკრძალებული სასახლე, რადგან ასეთები იყვნენ ჩვენი მონარქები, ჩვენი მეფენი.

მე როგორც პრეზიდენტი, ვიქნები ყურადღებიანი და ტოლერანტული. აუცილებელია ვიცოდეთ და ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიას. არაერთხელ მითქვამს, რომ თუ ისტორია არ შევისწავლეთ და გავაანალიზეთ თავისი შეცდომებით და წარმატებებით, წინ ვერ წავალთ. თელავში ჩამოსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანია, აქ ვისაუბრე განათლების სისტემაზე და ეს არის ქალაქი, სადაც ამას კარგად გაიგებენ. აუცილებელია განათლების რეფორმა. ჩვენ უნდა მივხედოთ ახალგაზრდებს, ამ ქვეყნის კულტურას და განათლებას. პირველრიგში იაკობ გოგებაშვილის დედაენა უნდა დავაბრუნოთ სკოლებში, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის საწყისი’’,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე საქართველოს -ევროპის ურთიერთობებზე და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება.


,,რატომ გვინდა ევროპა და ევროპული სტანდარტების დანერგვა? ევროპა არის ის, სადაც ადამიანი და მისი უფლებები დაცულია. ჩვენც ამ კუთხით ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მძიმე პერიოდი გავიარეთ, 70 წელი საბჭოთა კავშირის და გავიარეთ ის, რაც მოგვიწყო ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა – კონფლიქტები, ომი და ოკუპაცია. ამ ყველაფერს გავუძელით, როგორც გაუძლო წინა საუკუნეების მანძილზე ჩვენმა საქართველომ და მისმა მეფეებმა. ჩვენ კიდევ გავძლებთ და ვიქნებით ძალიან წარმატებული ქვეყანა’’,- განაცხადა ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტობის კანდიდატმა  ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშიც გამართა შეხვედრა.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *