თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს წეკლსაც უმასპინძლებს. მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება თელავის ვაჟა ფშაველას სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს გაიხსნება.
როგორც knews.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები: ელისო ვირსალაძე, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია, ასევე ახალგაზრდა პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი დანიელ პეტრიკა ჩობანუ; 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი.
“საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრისა და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები იქნებიან, უდირიჟორებს არიელ ცუკერმანი. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ თავისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს გამართავს. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაგეგმილია „ალტერ ორკესტრის“ კონცერტი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის წინანდლის პარკის ტერიტორიაზე სიმებიანი კვარტეტი „იბერი” დაუკრავს“,
– განაცხადეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ქება ვაზისა” ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა, რომელიც 2010 წელს, ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში ყოველწლიურად იმართება.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *