ახალი ამბები

ახმეტაში „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობაზე ჩინელ ინვესტორებს უარი ეთქვა

ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინვესტორს უარი ეთქვა. როგორც ცნობილია, პროექტს კომპანია “White Group” ახორციელებდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის თქმით, საკრებულომ ინვესტორ კომპანიას უარი უთხრა კომპლექსის იმ ლოკაციაზე მშენებლობისთვის, რომელიც მოთხოვნილი ჰქონდა. საუბარია 2.5-3 ჰექატარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბახტრიონის ციხის მიმდებარედაა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
,,ბახტრიონის ციხე ისტორიული მნიშვნელობისაა და იქ მსგავსი კომპლექსის მშენებლობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ინვესტორს შევთავაზეთ სხვა ტერიტორია, რაზეც უარი თქვა”,- განაცხადა ნასყიდაშვილმა.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, 5 მილიონიანი პროექტის განხორციელება 2015 წლის ოქტომბრიდან შეჩერდა, შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე სამმა ინვესტორმა, მათ შორის, ფრანგულმა „აკორ ჯგუფმა“ თქვა უარი.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი