გზა ევროპისკენთვითმმართველობასტატიები

რა როლი აქვს სამხარეო საბჭოს რეგიონის განვითარებაში?

ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსით 2014 წლის ბოლოს რეგიონებში ჩამოყალიბდა სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოები, რომლის მიზანია რეგიონის განვითარების ხელშეწყობა. რეგიონული განვითარება კი ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ქვაკუთხედია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამხარეო საბჭოს ძირითადი ფუნქციაა რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; სახელმწიფო რწმუნებულისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. საკონსულტაციო ორგანოს გუბერნატორი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან კახეთის რვავე მუნიციპალიტეტმა მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები. გუბერნატორის პირველი მოადგილე მუნიციპალიტეტების განვითარებაში საბჭოს მნიშვნელობაზე საუბრობს. გივი მეტრეველი ამბობს, რომ სხდომაზე პროექტის განხილვის შემდეგ, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მერებს შეუძლიათ წარადგინონ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
„მუნიციპალიტეტები თავად ირჩევენ განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს. სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოზე აღნიშნული პროექტები განიხილება. საბჭოს არსი მნიშვნელოვანია. მაგალითად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა იცის, რა სტრატეგია აქვს არჩეული თელავის მუნიციპალიტეტს. პროექტების მოწონება უშუალოდ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს პრეროგატივაა. მიმდინარე წელს საბჭოზე, მაგალითად, განვიხილეთ თელავში, ფალიაშვილის, ლაღიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი და წარვუდგინეთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. საგარეჯოს სტადიონის რეაბილიტაციის პროექტიც ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო. სამხარეო საბჭოს ფუნქციონირება ხელს უწყობს იმას, რომ ერთი სტრატეგიით იმოქმედოს ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით ყველა მუნიციპალიტეტმა“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გივი მეტრეველი.
სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მნიშვნელობაზე საუბრობს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც. არჩილ თხლაშიძე მიიჩნევს, რომ საბჭო ხელს უწყობს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, რაც რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„საბჭოზე განვიხილავთ ხოლმე პრობლემატურ საკითხებს და რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს. კანონი გვავალდებულებს, რომ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო იყოს ყველა რეგიონში. საბჭოს სარგებლის მეტი რა უნდა ჰქონდეს, მისი ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ არის. კახეთის რეგიონი გეოპოლიტიკურად და კულტურულად განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს, ერთი მუნიციპალიტეტის სიკეთე და პრობლემები დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებზეც პირდაპირპროპორციულად აისახება“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას არჩილ თხლაშიძე.
ექსპერტები კი ამბობენ, რომ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს არ არის ქმედითი ორგანო. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ საბჭოს რეგიონის დონეზე უნდა დაემატოს ის ფუნქციები, რომლებიც აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას.
„დღეს სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო არ არის ქმედითი. ეს არის მხოლოდ საკონსულტაციო, საჯარო ორგანო და მას არანაირი სამართლებრივი ბერკეტები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები არ გააჩნია. მას შეიძლება უფრო მეტი ფუნქციები ჰქონოდა. საბჭოს რეგიონის მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღების ისეთი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რაც აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას“, – ამბობს კოტე კანდელაკი.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.