გზა ევროპისკენთვითმმართველობასტატიები

რა სარგებელს მოუტანს მუნიციპალიტეტებს ფინანსური დეცენტრალიზაცია?

ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 მარტს წარადგინა, მუნიციპალიტეტებისთვის ფინანსური რესურსების გაზრდასა და მის განკარგვაზე უფლებამოსილების მიცემას ითვალისწინებს.
მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის ახალი ხედვა თვითმმართველი ერთეულების ფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.
,,ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაფართოვებას, მეტი ეფექტიანობისთვის მეტი ფინანსური რესურსის გადაცემას და ამ რესურსების თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობის მიმართულებით, ასევე თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლესი სტანდარტების დანერგვას. თუ თვითმმართველობას არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ უფლებამოსილებები განახორციელოს, მოემსახუროს ამომრჩევლებს, ვერც ერთი ინსტიტუციური მოდელი ვერ დაგეხმარება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და მატერიალური რესურსების გადანაწილებას უნდა მიექცეს. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანური რესურსის გაძლიერება. 2025 წლისათვის კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა. ამის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 %-ს დახარჯავენ, რაც მისცემს მათ ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ადგილობრივი თვიმმართველობის ფინანსური დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტებიც. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, კოტე კანდელაკის აზრით, თვითმმართველობის გაძლიერება საკუთარი შემოსავლების გარეშე შეუძლებელია.
„თვითმმართველობის დამოუკიდებლობას დონეები არ განსაზღვარვს. ევროპის ბევრ ქვეყანაში არის მრავალდონიანი თვითმმართველობები, მაგრამ არიან ქვეყნები, სადაც ერთ დონიანი თვითმმართველობაა. რამდენდონიანიც არ უნდა იყოს, უნდა მივცეთ ფინანსური დამოუკიდებლობა, მას უნდა ჰქონდეს საკუთარ სტაბილური შემოსავლები, რომლებსაც საკუთარი შეხედულებისამებრ დახარჯავს, საკუთარი კომპეტენციების განსახორციელებლად და ცენტრალური ხელისუფლების როლი ამ შემთხვევაში უნდა იყოს დამხმარე კონსულტაციების დონეზე და არ იყვნენ დაქვემდებარების ქვეშ. ჩვენთან თვითმმართველობა ჯერ კიდევ სხვანაირად აღიქმება და ფიქრობენ, რომ აუცილებლად ცენტრალურ მთავრობას უნდა ექვემდებარებოდეს“, – განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა მიიჩნევს, რომ აუცილებელია, თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გაზრდა მათთვის ფინანსური რესურსის მატებაზე აისახოს.
„უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის სახით ახალი რეალობა გვაქვს, რადგან ამ კონსტიტუციაში არის სუბსიდირების პრინციპი, რომელსაც ევროპის საბჭო 1998 წლიდან ითხოვდა. კონსტიტუციაში, ასევე, წერია ფინანსებთან უფლებამოსილებების ადეკვატურობა. კონსტიტუციური პრინციპის მიხედვით, თუ თვითმმართველობებს უფლებამოსილებები აქვს, უნდა გაიზარდოს მათი ფინანსური რესურსები, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მელუამ.
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი აღნიშნავს, რომ დეცენრალიზაციის პირობებში თვითმმართველობა უნდ აიყოს მზად, სწორად დაგეგმოს და მართოს ფინანსები. ვანო ჩხიკვაძე კადრების გადამზადების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს მზად, რომ ის ფინანსები სწორად განკარგოს. ამისთვის კი შესაბამისი ცოდნაა საჭირო. გარდა ამისა, მეორეს მხრივ უნდა იყოს პოლიტიკური ნება, რომ ეს განხორციელდეს. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ადგილზე უფრო უკეთ იციან, რა სჭირდებათ თვითმმართველობებს და რა ჯობია, რომ გაკეთდეს. ასევე აუცილებელია ადგილზე იყოს შესაბამისი კადრი, რომელიც კარგად დაგეგმავს, გააანალიზებს და მერე სათანადო მოქმედებებს გაატარებს, რომ პრობლემა მოგვარდეს ადგილობრივ დონეზე“, – განუცხადა knews.ge-ს ვანო ჩხიკვაძემ.

ავტორი: მაკა ხაზიური

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.