არათანაბარი წინასაარჩევნო გარემო კახეთში

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. პარტია ,,ევროპული საქართველოს’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ლელა მენთეშაშვილი ამბობს, რომ ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოს უქმნის.
,,პრობლემაა ისიც, რომ ოპონენტის პარტიის წარმომადგენლები სხვა პარტიების პლაკატებს ხევენ. მაგალითისთვის შემიძლიათ გითხრათ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჩვენს პლაკატებს ზემოდან თავისი კანდიდატის პლაკატს აკრავენ’’,– განუცხადა knews.ge-ს ლელა მენთეშაშვილმა.
სხვა ოპოზიციური პარტიების წარმადგენლები კი, წინასაარჩევნოდ საოლქო და საუბნო-საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების დანიშვნის საკითხზე და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, კომისიებში დროებით წევრებად ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან დანიშნული.
,,უბნის და ოლქის კომისიების დაკომპლექტების კუთხით ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა, რომ პირდაპირ საბიუჯეტო რესურსით შეავსო ეს თანამდებობები. ჩვენთან საუბრისას საოლქო და საუბნო კომისიების კანდიდატები ამბობდნენ, რომ იყვნენ ,,ქართული ოცნების“ წევრები. მათ დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ დაეწერათ განცხადება თანამდებობის დასაკავებლად, ზოგს კი არ მისულიყო გასაუბრებაზე. აღმოჩნდა, რომ კომისიების დასაკომპლექტებლად კანდიდატების შერჩევის 75%- ის შემთხვევაში კონკურენცია არ იყო. კომისიის 6 წევრის ასარჩევად ზუსტად 6 განცხადება იყო შესული. კომისიები დაკომპლექტდა მასწავლებლებით, ოცნების აქტივისტებით, თანამდებობის პირების ოჯახის წევრებით, ნათესავებით და აშ. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის’’,– განუცხადა knews.ge-ს ,,ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის“ ახმეტის ოფისის ხელმძღვანელმა შაქრო ტერტერაშვილმა.
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის ჩარევას უარყოფენ საარჩევნო ადმინისტრაციასა და ,,ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბში. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ბენო გეგეჩკორი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტუნარიანია.
,,წინასაარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტუნარიანი. ,,ქართული ოცნება“ 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამი წევრით არის წარმოდგენილი როგორც საოლქო, ისე საუბნო კომისიებში. რაც შეეხება ე.წ. დამოუკიდებელ კომისიის წევრებს, რომლებიც ირჩევიან საოლქოს მიერ, დარწმუნებული ვარ, რომ შერჩეული არიან კვალიფიციური ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში არჩევნებს ატარებენ გამჭვირვალედ და სამართლიანად. ოპოზიცია კი, ცდილობს დაგვაბრალოს, რომ ჩარევები ხორციელდება ჩვენს მიერ. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნამდვილად ხდებოდა ის რასაც ჩვენ გვაბრალებენ. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, თელავის საოლქო კომისიაში დასწრებოდა კომისიის წევრების შერჩევის პროცესს. შეირჩნენ ის ადამიანები, ვინც დემოკრატიის გარანტები იქნებიან საარჩევნო უბანზე თუ ოლქში’’, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ბენო გეგეჩკორმა.
ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს პასუხობს გურჯაანის #12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილიც. იგი, მიმდინარე პროცესებში მმართველი პარტიის კომისიის წევრების დანიშვნაში ჩარევას არ ადასტურებს.
,,კომისიის წევრების არჩევა მოხდა სხდომაზე სახელობითი კენჭისყრით, მათი გამოცდილების გათვალისწინებით და პროფესიული ნიშნით. საოლქო სარჩევნო კომისია კანონის შესაბამისად 12 წერისგან შედგება, 5 მუდმივი წევრია, მეექვსე ცესკოს მიერ არის არჩეული დროებით. ექვსი კი, უფლებამოსილი პარტიების წამომადგენელია. ანალოგიურად დაკომპლექტდება საუბნო კომისიები, საოლქო კომისიამ კანონის შესაბამისად აირჩია საუბნო კომისიის 6 წევრი, ხოლო 6 იქნება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი“,- განაცხადა მაია ჩუთლაშვილმა.
საუბნო და საოლქო კომისიის წევრების დანიშვნის პროცესში სავარაუდო ჩარევებზე და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული საკითხებია განხილული.
,,საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შესარჩევ კონკურსში 45 ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში კონკურსანტებთან გასაუბრებების ჩატარება მოითხოვეს. მოთხოვნა ყველა ოლქში უარყოფილი იქნა სხდომის თავმჯდომარეებისგან. მოგვიანებით, მათ მიეცათ კონკურსანტებთან გასაუბრების დანიშვნის საშუალება და გამოეყოთ შესაბამისი ფართი. საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატთა უმეტესობა გასაუბრებებზე არ მივიდა. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რიგ ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს ადგილობრივი ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, გასაუბრებებში მონაწილეობა არ მიეღოთ. რაც შეეხება სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობებს, „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასაარჩევნო პერიოდში გაააქტიურა შეხვედრები მოსახლეობასთან. კონკრეტულად, 27, 30 და 31 აგვისტოს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები შეხვდნენ მოსახლეობას იმ სოფლებში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩასული იყვნენ ოპოზიციის მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატები. შეხვედრებზე მოსახლეობამ წამოაყენა იგივე პრობლემები, რაც ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებზე. ადგილობრივი ხელისუფლება ზოგ სოფელს დაპირდა პრობლემების მოგვარებას, ზოგ სოფელში კი უკვე დაიწყო სამუშაოები’’, – აღნიშნულია ,,სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ავტორი:მაკა ხაზიური

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *