ახალი ამბები

სიღნაღში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. სიღნაღში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ფერმერთა პროფკავშირის და ქიზიყელ ვეტარანთა კავშირის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ბოდბის ეპარქიის მღვდელმსახურმა მამა მიქაელმა კი მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„დღევანდელ დღეს გავიდა 25 წელი იმ უმძიმესი ტრაგედიიდან, რასაც სოხუმის დაცემა ჰქვია. ჩვენ დღეს გავმართეთ ღონისძიება და აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ადამიანები გავიხსენეთ. ფილმიც ვაჩვენეთ. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე დარჩება სიღნაღელების მახსოვრობაში“, – განუცხადა knews.ge-ს ,,ქიზიყელ მეომართა კავშირის” თავჯდომარემ, თამაზ ბურდულაძემ.

„ზუსტად 25 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი ქართველებისგან დაიცალა. მას შემდეგ 27 სექტემბერი ენგურსაქეთა საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა, ენგურს იქით კი – ქართველებზე გამარჯვების დღე. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა თაობები, ომი დღემდე რჩება მოუშუშებელ ტკივილად, ქედს ვიხრით ცოცხალი გმირების წინაშეე. დღეს ჩვენ სიყვარულის ქალაქიდან მსოფლიოს გზავნილი გავუკეთეთ – რუსეთი ოკუპანტია“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ფერმერთა პროფკავშირის წარმომადგენელმა, ნინო გოგოლაშვილმა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფხაზეთიდან დევნილი 250 000-ზე მეტი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.

ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი