სტატიები

საქართველოში მოსახლეობის ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება

საქართველოში ფართომასშტაბიანი მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა იწყება, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევას საქართველოში ატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

საქსტატის კახეთის სტატისტიკის ბიუროს უფროსის, ლევან ჯანდიერის იფორმაციით, კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებული მონაცემები, რომელიც მოიცავს ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგობარეობას ქვეყნის მასშტაბით. კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს თელავში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე თინათინ ბაუმი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კახეთის სტატისტიკის ბიუროს უფროსი ლევან ჯანდიერი, „საქსტატის“ წარმომადგენელი ცოტნე ბალახაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა უძღვებოდნენ.
„კვლევის ფარგლებში კახეთში 72 სააღწერვო უბანში გამოიკითხება 1440 შინამეურნეობა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შემოწმდება ოჯახების, ქალების და ბავშვების მდგომარეობა, ასევე, წყლის ხარისხი და დადგინდება ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ”, – განუცხადა knews.ge-ს ლევან ჯანდიერმა.
კვლევის ფარგლებში, ასევე, შეგროვდება მონაცემები განათლების, ჯანდაცვის, ბავშვის განვითარებისა და ბავშვზე ზრუნვის, აღზრდის, ადრეული ქორწინების, ენერგიის მოხმარების, გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, დევნილებისა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ.
„კვლევა არის მრავალინდიკატორული და მოიცავს სხვადასხვა სფეროს განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ განვითარებას. შეხვედრის მთავარი მიზანია თელავში საზოგადოებას გავაცნოთ, თუ რა ტიპის კვლევა იგეგმება, რა არის ამ კვლევის მიზანი, როგორ იქნება კახეთის რეგიონი ამ კვლევაში ჩართული”, – აღნიშნა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლელა სტურუამ.
კვლევის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილეც. თინათინ ბაუმი აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, დაგეგმოს და შეიმუშაოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც გააუმჯობესებს დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების ცხოვრებას.
„მსგავსი კვლევები ტარდება სხვადასხვა ქვეყანშიც. 1995 წლიდან დღემდე 295 კვლევა ჩატარდა 107 ქვეყანაში. საქართველოში ბოლოს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა 2005 წელს ჩატარდა. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2-7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს ქვეყნის მასშტაბით აუღებენ სისხლს ვენიდან. ორგანიზმში ტყვიის შემცველობა საზიანოა, მის მცირე რაოდენობასაც შეუძლია ბავშვის ინტელექტის დაქვეითება და სხვადასხვა დაავადების გამოვლენა. ნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში. მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს.
წყლის შემოწმება შინამურნეობაში მოიცავს სასმელი წყლის ნიმუშების აღებას ყოველ მეოთხე ოჯახში ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შესამოწმებლად. შედეგი გამოავლენს სასმელი წყლის ხარისხს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მონაცემებს, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შევადარებთ სხვა ქვეყნების მონაცემებთან, რაც გვაჩვენებს საქართველოს პროგრესს სხვადასხვა ინდიკატორების გათვალისწინებით სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოების პარალელურად“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას თინათინ ბაუმი.
კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.
კვლევა 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო ( SDG), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), მსოფლიო ბანკისა და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის დაფინანსებით.

ავტორები: ვასილ ბაბუაშვილი, ნათია დათუკიშვილი