ახალი ამბები

,,რეგიონული განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად მეტი დისკუსიაა საჭირო”

რეგიონული განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად მეტი დისკუსია და ევროპული პრაქტიკის გათვალისწიებაა საჭირო, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ერთი თვის წინ მთავრობის მიერ მიღებული 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების გეგმა და სტრატეგია სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
მინისტრის თქმით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარება და კიდევ უფრო მეტად წახალისება აუცილებელია.
„ერთი თვის წინ, მთავრობამ მიიღო 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების გეგმა და სტრატეგია, სადაც განსაზღვრულია არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები. ამ სტრატეგიის განსახორციელებლად მეტი დისკუსია და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებაა საჭირო. რაც შეეხება დეცენტრალიზაციის მიმართულებას, ეს არის ძალიან აქტიური, საყურადღებო და გრძელვადიანი პროცესი. ამჟამად ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ეს არის პარალელური პროცესი, რომელიც რეგიონების გაძლიერებას უწყობს ხელს, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ დიდი მხარდაჭერა სჭირდება თითოეულ რეგიონს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მოამზადა მაკა ხაზიურმა.