ახალი ამბები

თელავში 2008 წლის აგვისტოს ომი შეაფასეს

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) თელავის ოფისის და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, საჯარო დისკუსია „2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლის შეფასება“ გაიმართა.

მომხსენებლებმა ისაუბრეს აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ არსებულ ვითარებაზე, რა ქმედებები მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რუსეთის აგრესიას და როგორია საერთაშორისო საზოგადოების შეფასება ომიდან 10 წლის თავზე.
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის თელავის ოფისის კოორდინატორი აცხადებს, რომ 10 წლის წინ, 7 აგვისტოს, რუსეთის ჯარებმა ღიად და დაუფარავად დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. ნიკოლოზ შარვაშიძის ინფორმაციით, ხუთ დღიანი ომის შედეგად რუსეთმა დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების 20% და მოსახლეობა იძულებული გახდა, საკუთარი სახლებიდან წასულიყო.
მისივე თქმით, მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება ხელს შეუწყობს აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებას.
,,საერთაშორისო საზოგადოების განცხადებების და სანქციების მიუხედავად, 10 წლის შემდეგ მდგომარეობა უცვლელია და უფრო მეტიც, რუსული მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. ვიმსჯელეთ აგვისტოს ომის შეფასებებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ დღეს საქართველი როგორ და რა საერთაშორისო ფორმატის პროცესებში მონაწილეობს. ასევე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების საკუთხებზე და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. საუბარი შეეხო იმას, თუ რა გამოწვევები გვაქვს, როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი, კარგად გავიაზრთ 10 წლის წინანდელი მოვლენები. ჩვენ რეალობა უნდა შევაფასოთ და ვთქვათ ღიად, რომ ომი რუსეთმა დაიწყო’’,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი.