კახეთის ხუთ მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები არ ფუნქციონირებს

თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც კახეთის მუნიციპალიტეტის მერები უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ, თუმცა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ამ დრომდე არ შექმნილა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტის მერს ავალდებულებს, ჩამოაყალიბოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებსა და მერიას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა, მერიის საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება და სხვა.
მერის სათათბირო ორგანო რეგიონის მხოლოდ სამ თვითმმართველ ერთეულში – დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ყვარელში ფუნქციონირებს. დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში კი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბების თარიღს ვერ აკონკრეტებენ. თელავის მერიაში საკითხის კომენტირებას თავს არიდებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საბჭოს ფორმირების პროცესი მიმდინარეობს.

გურჯაანის მერი კი აღნიშნავს, რომ უწყებაში სათათბირო ორგანო უახლოეს პერიოდში შეიქმნება. არჩილ ხანდამაშვილი ირწმუნება, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იქნება ქმედითი და აქტიური ორგანო.
,,სამოქალქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანია. ეს პროცესი დავაგვიანეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მჭიდრო ურთოერთობა გვაქვს მოსახლეობასთან, აქტიურად ვხვდებით მათ, ერთად განვიხილავთ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლმებს. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მოქალაქეთა აზრი, ის რჩევები და მითითებები, რომელმაც შეიძლება სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება მოგვცეს. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქტიური იყოს სამოქალაქო საბჭო, სადაც ჩართული იქნებიან სხვადახვა პროფესიის ადამიანები და გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად ერთობლივ გზებს დავსახავთ. ჩემი სისუსტეა ის, რომ დაგვიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულებისთვის აქტიურად მუშაობის გამო ვერ მივაქციე ყურადღება მის დროულად შექმნის პროცესს,“-განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
თვითმმართველობის გაძლიერება და მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ექსპერტების თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მმართველობაში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით აუცილებელია, თვითმმართველობამ ქმედითი ღონისძიებები გაატაროს. ექსპერტი კოტე კანდელაკი მიუთითებს, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ეფექტური ფორმაა, თუმცა მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში მერის სათათბირო ორგანო მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ არის ქმედითი.
,,კანონი ავალდებულებს მერებს, რომ შექმნან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. სწორედ ეს არის ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი თვითმმართველობასა და მოქალაქეს შორის. იგი ხელს უწყობს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას და არსებული პრობლემების მოგვარებას. გასულ წლებში თითქმის ყველა მერიაში ფუნქციონირებდა, ახალ მერებს კი თავიდან უნდა შეექმნათ ან ძველი დაეტოვებინათ. რიგ შემთხვევაში საბჭო ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ არის ქმედითი. ეს მერისთვის არის დამხმარე ინსტიტუტი, რომ მისი მეშვეობით ჰქონდეს ინფორმაცია, რას ფიქრობს ხალხი, რა პრობლემები აწუხებთ მათ და სხვა‘’,-განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მნიშვნელობაზე საუბრობენ მესამე სექტორშიც. თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ნიკოლოზ შარვაშიძე ფიქრობს, რომ სხვადასხვა ჯგუფის და პროფესიის ადამიანების ერთობლივი მუშაობა მერს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
,,მნიშვნელოვანია, რომ საბჭოში ერთიანდებიან მოქალქეთა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებასც გარკვეულ საკითხებზე გააჩნიათ გამოცდილება და ცოდნა. ეს დაეხმარება მერს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე მოქალქეები მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარი ქალაქის მომავალზე, რაც დღეს სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, მოქალაქეები თვითმმართველობას ნაკლებად ენდობიან, ამიტომ მნიშვნელოვანია უწყების მხრიდან მეტი ინიციატივა და მოქალაქეთა დარწმუნება, რომ ისინი მათთვის მუშაობენ და ერთობლივად გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი’’, – აღნიშნავს ნიკოლოზ შარვაშიძე.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *