რა აქტივობებს ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად

News, სტატიები

თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი ხარისხი კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება 4 წლის წინა დაიწყო, თუმცა ამ მიმართულბით მდგომარეობა უცვლელია. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილ აქტივობების შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ, რაც უარყოფითად აისახება თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე.
თელავის მუნიციპალიტეტის კი საკრებულოში აცხადებენ, რომ მოქალაქეების გააქტიურების მიმართულებით წარმომადგენლობითი ორგანო აქტიურად მუშაობს.

საკრებულოს ,,სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის“ თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისია საკრებულოს საქმიანობის შესახებ სამიზნე აუდიტორიის ინფორმირების მიზნით სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს.
ლევან კოჭლოშვილის თქმით, ახალგაზრდების გააქტიურებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც მერიისა და საკრებულოსთვის სახელმძღვანელო იქნება. ის სპორტის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შექმნასაც აანონსებს.
,,მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, რომელიც არის სამოქმედო გეგმა უწყებისთვის. ამის გამო ევროკავშირმა გრანტი გამოყო თელავისთვის, რაც ძალიან კარგია. გარდა ამისა, კომისიის ეგიდით ვატარებთ ხოლმე გასვლით სამუშაო შეხვედრებს ახალგაზრდებთან, ვაცნობთ რა ვალდებულება გვაქვს ჩვენ მათ წინაშე და რა წერია ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში. ახლო მომავალში ჩვენი კომისიის საკურატორო სფეროებისთვის დაგეგმილი გვაქვს შევქმნათ გრძელვადიანი სამუშაო დოკუმენტი სტრატეგიის სახით. ეს საშუალებას მოგვცემს უკეთ ვიმუშავოთ.‘’
კოჭლოშვილი ამბობს, რომ კომისია მომავალ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საჯარო შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც მოქალაქეებს საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
,,შეხვედრა, რომლის ჩატარებაც პირველად იგეგმება თელავში, ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და NDI-ს მიერ. ეს შეხვედრა ჩემი ინიციატივით ჩატარდება. მე ვთხოვე ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამხმარებოდნენ შეხვედრის ორგანიზებაში. მთავარი მიზანი არის ის, რომ მაღალი იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მივაწოდოთ ადგილობრივებს ინფორმაცია, როგორ ვმუშაობთ, საიდან ვიღებთ, მაგალითად, სოციალურ პროგრამებზე ინფორმაციას, როგორ არის რეგულირებული დაფინანსების საკითხი და ა.შ. ამ საკითხებში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ორგანო. დაგეგმილ შეხვედრაზე ჩვენ წარვადგენთ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ჩართულობის გაზრდას და მოსახლეობის მოთხოვნები აისახება კონკრეტულ პროექტებში. კომისიის ასეთ ფორმატში მუშაობის ფაქტი სიახლე იქნება საქართველოში’’, – განუცხადა KNEWS.GE-ს ლევან კოჭლოშვილმა.
საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ სოფლებში „სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის“ გასვლითი სხდომების მეშვეობით მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, წარმომადგენლობით ორგანოს საკუთარი ინიციატივა წარუდგინოს. ბაადურ რევაზიშვილი კომისიას ზოგიერთი საკითხის გადახედვასა და დამუშავებას სთხოვს.
,,აღნიშნული კომისიის მუშაობა გამჭვირვალეა, თუმცა არის რიგი საკითხები, რომლებიც გადახედვას და დამუშავებას მოითხოვს. მაგალითად თუნდაც პროექტები, რომლებიც აქვს ამ კომისიას და ზოგადად მერიას, გათვლილია მხოლოდ სოციალურ დაუცველებზე. არიან სხვა ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით ვერ ერთვებიან პროგრამებში და სჭირდებათ ხელისუფლების გვერდში დგომა. მე შევედი ინიციატივით საკრებულოში, რომ საუკეთესო 20 აბიტურიენტი წახალისებულიყო 1000 ლარით, თუმცა პასუხს ამ დრომდე ველოდები. მივესალმები, რომ თელავის საკრებულოს ,,სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ’’ დაიწყო გასვლითი სხდომების ჩატარება და ამომრჩევლისთვის ანგარიშის ჩაბარება. მართალია კომისიის სხდომაზე ყველას შეუძლია დასწრება, მაგრამ როცა სოფელში ტარდება შეხვედრა, ჩართულობა მეტია. გასვლით შეხვედრებზე მოსახლეობა თავის აზრს გამოთქვავს კონკრეტულ საკითხზე,‘’- განუცხადა knews.ge-ს ბაადურ რევაზიშვილმა.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების გასააქტიურებლად საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა.
თელავში მცხოვრები ნიკოლოზ შარვაშიძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც განაპირობებს ახალგაზრდების პასიურობას და ისინი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.
,,დღეს უამრავი ახალგაზრდა ტოვებს ქალქს და მუნიციპალიტეტს, რადგან სხვადასხვა მიმართულებით ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ასევე ქალაქში ნაკლებადაა ახალგაზრდული სივრცეები, რომელიც სერიოზული პრობლემნაა. შესაბამისად ახალგაზრდებიც ნაკლებად ინტერესდებიან საზოგადოებრივი საქმიანობით და არ არიან ჩართულები ქალაქის ცხოვრებაში, ვერ ხედავენ საკუთარ როლს ადგილზე და შესაბამისად ან მიდიან დედაქალაქში ან ხდებიან სრულიად დისტანცირებულნი სამოქალქო და საზოგადოებრივი აქტივობებისგან. ჩემი ზრით, მერიამ ამ მიმართულებით უნდა დახარჯოს დამატებითი თანხები, მოაწყოს საგანმანათლებლო თუ სპორტული სივრცეები, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებსა და ნიჭს გამოვლენენ. ამ მხრივ ასევე დიდი როლი აკისრია უნივერსიტეტს სტუდენტური ცხოვრების და ახალგაზრდების გააქტურების საკითხში. დღეს უნივერსიტეტი, სამწუხაროდ, ვერ არსრულებს ამ ფუნქციას’’,- აღნიშნავს ნიკოლოზ შარვაშიძე.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე. 

Leave a Reply