თვითმმართველობასტატიები

ელექტრონული პეტიცია – თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის ინოვაციური შესაძლებლობა

თუ მოქალაქეს აქვს ინიციატივა და სურს მისი ხმა გაიგოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რათა თემში სასიკეთო ცვლილებები დაიწყოს, მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა თავად ჩაერთოს თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პეტიცია მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თემში თავად განსაზღვროს პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხები.
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული პეტიციების დანერგვა უკვე დაიწყეს. მოსახლეობას სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდზე ნებისმიერ გამოკითხვაში მონაწილეობა და აზრის დაფიქსირება.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა თვითმმართველი ერთეულებისთვის აპლიკაცია უსასყიდლოდ შექმნა. ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი მიუთითებს, რომ ონლაინ პეტიციები მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ელექტრონულად, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, ცალკეული პრობლემების გადასაჭრელად წარადგინოს საკუთარი ინიციატივები ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, ხოლო თვითმმართველობა ვალდებული გახდება, არგუმენტირებულად და საჯაროდ მოიწონოს ან უარყოს პეტიცია.
,,თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ ფორმას, პეტიციას. მოქალაქეებმა პეტიციით შეუძლიათ, რომ მიმართონ საკრებულოებს. მათ შეუძლიათ შეაგროვონ ხელმოწერები და ნებისმიერი საკითხი, რომლის დარეგულირებაც სურთ, წარუდგინონ მუნიციპალიტეტს. ეს არის სიახლე, როგორც თბილისისთვის, ასევე რეგიონებისთვის. არსებობს ორი ფორმა: ერთი ჩვეულებრივი, როდესაც მივდივართ მუნიციპალიტეტში, ვიღებთ ბლანკებს და მოსახლეობა აწერს ხელს, მეორე კი მარტივი – ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე დამყარებული, ელექტრონული პეტიციები. სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია, პეტიციით მივმართოდ მუნიციპალიტეტებს, შევუერთდეთ სხვის პეტიციას, მივუთითოთ ჩვენი პირადი ნომერი ან დავრჩეთ ანონიმურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება, უპასუხოს პეტიციას და ეს პასუხი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს პეტიციების ელექტრონულ პორტალზე”, – ამბობს კოტე კანდელაკი.
დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში შესაბამისი აპლიკაცია წარმომადგენლობითი ორგანოს ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია. დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ელექტრონული პეტიციით თვითმმართველი ერთეულისთვის არავის მიუმართავს.
,,ახალი ვებ-გვერდი ავამუშავეთ და სიახლეც დავნერგეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა არც ერთი განაცხადი. მიმაჩნია, რომ ეს არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა, ამიტომ რაც მოსახლეობა ადვილად მოგვაწვდის ხმას, ჩაერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მრავალმხრივი კომუნიკაცია გვექნება, ეფექტურად და შეთანხმებით ვიმუშავებთ“, – აღნიშნავს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
ელექტრონული პეტიციის სახით წარდგენილ ინიციატივებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები განიხილავენ. სიღნაღის მუნიციპალტეტის ვიცე-მერი მადონა ბატიაშვილი მიუთითებს, რომ ელექტრონული პეტიციის მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრონული პეტიციები, საზოგადოება იქნება აქტიურად ჩართული. ჩვენთან ტექნიკურად არ არის მაგისი საშუალება, საიტი არის სატესტო რეჟიმში. როგორც კი საიტი აქტიურ რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას, მაშინვე დავიწყებთ ელექტრონული პეტიციებზე მუშაობას. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მოსახლეობისათვის, რომ ელექტრონულად მიიღონ ნებისმიერ გამოკითხვაში მონაწილეობა“, – განუცხადა Knews.ge-ს ბატიაშვილმა.
ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერისა და მთავრობის წინაშე ინიცირების უფლება საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს აქვს. მოსახლეობის ნაწილი ელექტრონული პეტიციის დანერგვით სასიკეთო ცვლილებებს არ ელოდება და მიიჩნევს, რომ სიახლე არაფერს შეცვლის.
,,გავიგე, სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია, დავარეგისტრიროთ ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ ის მოქალაქეები, რომლებიც საკრებულოს სხდომებს ვინც ესწრებიან, ამბობენ, რომ მათ აზრს არავინ ითვალისწინებს და არაფერი იცვლება. ელექტრონულად დარეგისტრირებულ მოსაზრებებსა და ინიციატივებზე გვეტყვიან, რომ არ აისახა. მე იმედი არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება. არც მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მოლოდინი მაქვს“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას ლამზირა ერისთავი.
მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი კი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კომუნიკაციას გააადვილებს.
,,ვფიქრობ, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს არის კომუნიკაციის კიდევ ერთი ფორმა და ვფიქრობ, რომ ხალხის ჩართულობაც გაიზრდება. ელექტრონული პეტიციები საუკეთესო გამოსავალია მოსახლეობის აზრის გასაგებად, ჩვენია ეს ქვეყანა და ვმართოდ ერთად. უნდა გაითვალისწინონ მოსახლეობის მოსაზრებები და როდესაც გაჩნდება ნდობა, მოსახლეობის ჩართულობაც გაიზარდება“, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას ზურა მენაბდიშვილი.

 

მოამზადა ნატალია ცისკარაშვილმა

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.