ახალი ამბები

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

როგორც knews.ge-ს თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განუცხადა, რამდენიმე მონაკვეთზე მიწისა და კლდის ნაშალი ჩამოწვა, რომელმაც გზა დააზიანა. ლადო კახოიძის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო მოძრაობის აკრძალვის გამო სამხევის რეინჯერთა სახლთან ტურისტები არიან დარჩენილი და გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
“25-ე და 56-ე კილომეტრზე და ასევე სამხევის რეინჯერთა სახლთან გზა არის დაზიანებული. ერთია აბანოს უღელტეხილის ქვემოთ, სამხევამდე და მაგ ადგილას ადიდებულმა მმდინარემ გზის ნაწილი წაიღო. სოფელ ხისომდე, სადაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი, მდინარეში წყლის დონემ აიწია. ეხლა საავტომობილო გზა მთლიანად წყლით არის დაფარული. აბანოს უღელეხილის ქვემოთ ტურისტებით დატვირთული 4 მანქანა დარჩა გზაში. რეინჯერებმა ისინი სამხევში მიიყვანეს, სადაც მათ ღამე გაატარეს”, – განუცხადა knews.ge-ს ლადო კახოიძემ. 
შპს “გერალის” წარმომადგენლის, ტარიელ წიკლაურის განცხადებით, გზაზე მოძრაობა სავარაუდოდ საღამომდე აღდგება. აღნიშნული კომპანიაა თუშეთთან დამაკავსირებელი გზის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი. 
“დილიდან დავიწყეთ გზის გაწმენდითი სამუშაოები. დაახლოებით 15 კილომეტრი უკვე გაწმენდილია. თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, გზას საღამომდე გავხსნით. თუ იწვიმებს, მაშინ გზის გახსნა დღეს გაგვიჭირდება”, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ტარიელ წიკლაურმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიწა-კლდის მასა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზეა ჩამოსული.