ახალი ამბები

ყვარელში მდებარე ჯვარპატიოსნის უძველეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. როგორც knews.ge-ს ანთიძის უწყებაში განუცხადეს, ტაძარი ადრე შუა საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება. 
“ეკლესია დარბაზულია და ნაგებია რიყის ქვით, თაღი და კონქი გადაყვანილია აგურით. ერთადერთი კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. ყველა კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. კედლები აგურის ლავგარდნით სრულდება. ტაძარი გადახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი ღრმა და ნალისებრი აბსიდია, რომლის სიღრმე დარბაზის ნახევრის ტოლია. დარბაზის კამარა დასავლეთ კედლის კუთხეში პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებში აგურის წყობის ჩაღრმავებით ჯვარია მოცემული. ეკლესია ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, გადაკეთებულია გვიან შუა საუკუნეებში”, – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.