ახალი ამბები

ახმეტის მაჟორიტარმა პანკისელ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინა

აღნიშNული ინფორმაცია reginfo.ge-მ გაავრცელა. სამხარაულის განმარტებით, მას პანკისელ ახალგაზრდებთან პირადი სასაუბრო ჰქონდა და ჟურნალისტებთან მოგვიანებით ისაუბრებდა. საუბარი ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დახურულ ფორმატში სურდა. 
„უშუალოდ მინდოდა მესაუბრა ახალგაზრდებთან პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ამიტომ მინდოდა, რომ ჟურნალისტები არ ყოფილიყვნენ შეხვედრაზე“, – განუცხადა knews.ge-ს გელა სამხარაულმა. 
შეხვედრის მონაწილეების ნაწილი ჟურნალისტების დარბაზიდან გაყვანის წინააღმდეგი იყო, თუმცა ნაწილი ამჯობინებდა, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში ჩატარებულიყო. შეხვედრაში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი სოსო ქარუმაშვილი და პანკისის ხეობის სოფლებში მერის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
ახმეტის მაჟორიტარმა და პანკისელმა ახალგაზრდებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე, სპეცრაზმის მიერ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მოკვლისა და ჰესების მშენებლობის საკითხებზე. 
“დუისში გამართული შეხვედრის დახურულ რეჟიმში გამართვა ცალსახად არასწორი ნაბიჯი იყო. როგორც კი მედიისთვის შეხვედრის დახურვაზე იკითხა მაჟორიტარმა, გვინდოდა თუ არა მედიისთვის შეხვედრის დახურვა, რა თქმა უნდა ვთქვი, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა დარბაზში მყოფების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ დახურული შეხვედრა სურდათ. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თემირლან მაჩალიკაშვილის თემა, რომელიც ნამდვილად აწუხებს ახალგაზრდობას, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოების საკითხია და ასევე რა თქმა უნდა ჰესების საქმე, რაც ყველაზე პრობლემურია. ამ თემებზე მწვავე კითხვები დავსვი და რამდენიმე სხვა მონაწილემაც ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება”, – განუცხადა knews.ge-ს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, სულხან ბორძიკაშვილმა. 
პანკისელი ახალგაზრდები ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას იანვრიდან ითხოვდნენ.

 

ფოტო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”