ახალი ამბები

ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში 12 აგვისტომდე გაგრძელდება

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო როგორც უფროსი, ისე ახალგაზრდა თაობის თითქმის ყველა ქართველმა ბლუზმენმა უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად. ფესტივალზე ქართველ ბლუზმენებს მაგისტრის წოდება მიენიჭათ. ღონისძიება მეორე წელია, რაც ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი რეგიონის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარებაა.
,,ლაგოდეხის ნაკრძლის მიმდებარედ ტრადიციული ბლუზის ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების მოსაზიდად. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს რეგიონის ეკონომიკას, აამაღლებს მის ცნობადობას ევროპულ ტურისტულ რუკაზე”, – განუცხადეს Knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ფესტივალში მონაწილეობენ 8 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, საფრანგეთის, ინგლისის, ისრაელის, კანადის, ჰოლანდიის და რუსეთის წარმომადგენლები. ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.