სტატიები

რას შეცვლის რეგიონებში ტაქსების რეგულირების წესი

ინიციატივა ტაქსების რეგულირების წესთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება, უსაფრთხო მგზავრობისა და მომსახურების გაუმჯობესებას გულისხმობს. ექსპერტების მოსაზრებით, ტაქსებში სისუფთავის დაცვა, მძღოლის შესახებ მგზავრის ინფორმირება, ტაქსოპარკის აღწერა და რეგისტრაცია ხელს შეუწყობს მძღოლების და მგზავრების უფლებების დაცვას. სპეციალისტები ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის გადამწყვეტ როლზე საუბრობენ. მუშაობის სპეციალური ნებართვის ასაღებად ტაქსისტებს 100 ლარის გადახდა მოუწევთ. 
აღნიშნულ ინიციატივას უკვე ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედების წინააღმდეგია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე. დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ სიახლისთვის მზად არ არის და ამ კუთხით რეგულაციების ამოქმედება ტაქსების მომსახურების ფასს კიდევ უფრო გაზრდის. 
,,ჩვენ ამ სიახლის მხარდაჭერები არ ვართ, რადგან ეს უპირობოდ გამოიწვევს ტაქსების მომსახურების გაძვირებას. ეს სიახლე უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა იქნება მოგვარებული. ახლა იაფიანი ტაქსი ყველაზე ძალიან გვჭირდება, რადგან ამ კუთხით დიდი პრობლემებია. დედაქალაქისგან განსხვავებით უფრო რთული ვითარებაა რეგიონებში, რადგან არ არის მოწესრიგებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტის საკითხი და ბევრ მათგანს ვიზუალურადაც ეტყობა, რომ ტექნიკურად გაუმართავია. სიახლის მიხედვით, სპეციალური ნებართვა მუშაობისთვის, რომლის აღებაც მოუწევთ ტაქსის მძღოლებს ეღირება 100 ლარი, მაგრამ აქ მეორე პრობლემაა: მაგალითად მძღოლს, რომელსაც თელავიდან მოჰყავს მგზავრი, თბილისში შემოსვლისას დასჭირდება სპეციალური ნებართვა. თუ მძღოლი დედაქალაქში შემოსვლისას ტაქსის ნიშანს აიღებს, მის საქმიანობას ვერავინ გააკონტროლებს. მე არ ვთვლი, რომ ტაქსების რეგულაციით რამე ხელმოსაჭიდი შედეგი გვექნება. მანქანის სისუფთავეს და ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერანაირი ლიცენზია ვერ დაარეგულირებს. ეს დამოკიდებულია თავად კლიენტზე, რომელმაც უნდა მოითხოვოს სუფთა ტაქსი. ამ მიმართულებით ჯერ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია‘’, – განუცხადა Knews.ge-ს დავით მესხიშვილმა.
მოსალოდნელ რეგულაციას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ ტაქსების მძღოლებიც. ისინი ამბობენ, რომ მძღოლების უმეტესობა მუშაობისთვის საჭირო ლიცენზიის ასაღებ ფულს ვერ გადაიხდის და შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩება. 
,,რა საჭიროა რეგისტრაცია და სპეციალური ნებართვის აღება? ეს კიდევ ერთი მიზეზია მოსახლეობისთვის ფულის წასართმევად და ბიუჯეტში ფულის შესატანად. ტაქსების უმეტესობა ამ ნებართვას ვერ აიღებს. 10 ლარის გამო მთელი დღე ქუჩაში ვართ და დამატებით რაღაც საბუთებზე და ნებართვებზე თანხის გადახდას ვერ შევძლებთ’’,- ამბობენ Knews.ge-სთან საუბრისას თელაველი ტაქსის მძღოლები.
მთავრობის ინიაციატივას მიესალმება გაეროს ექსპეტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა. ის ფიქრობს, რომ მოსალოდნელი სიახლე ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე ამ კუთხით არსებულ უკონტროლო მდგომარეობას დაარეგულირებს, უსაფრთხო მომსახურების სერვისის დანერგვას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ შემოსავლებს გაზრდის. 
,,როგორც მანქანის გამართულობაზე, ასევე მძღოლის პროფესიულ კვალიფიკაციაზე მგზავრებს უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია და იყვნენ დარწმუნებულები, რომ უსაფრთხოდ იმგზავრებენ. ასეთი მინიმალური სტანდარტების დაცვა მოაწესრიგებს და დაარეგულირებს ამ სფეროს. მთავარი ის არის, რომ ბაზარი მოწესრიგდეს, მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი და მძღოლის უფლებებიც იყოს მაქსიმალურად დაცული. გარდა ამისა, აქედან ფული შევა ადგილობრივ ბიუჯეტშიც’’, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გელა კვაშილავა. 
ამ მიმართულებით რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარეც. ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაცია ტაქსის მძღოლებისთვის ეტაპობრივად უნდა გახდეს სავალდებულო. 
,,ეს რეფორმა აუცილებელი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ჯერ არ ვიცით, რა რაოდენობის მძღოლთან და მსურველთან გვაქვს საქმე, თავისთავად მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ცოტა მტკივნეული იყოს. როდესაც გავიგებთ, თუ რამდენი მძღოლია მსურველი, რომ მომსახურება გაწიოს, უკვე სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები უნდა იყოს მოთხოვნილი“, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი. 
მთავრობის ინიციატივის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი ამბობს, რომ ტაქსების საქმიანობის რეგულირება ამ კუთხით არსებულ ბევრ პრობლემას მოაგვარებს. 
,,ამ კუთხით არის პრობლემები და გვახსოვს ტაქსის მძღოლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ამ საკითხების მოგვარება მნიშვნელოვანია. როცა დაიწყება ამ რეგულაციების გატარება რეგიონებში, ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით ‘’, – განუცხადა Knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.
მომსახურების უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის აუცილებელობაზე მიუთითებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიც. ნიკოლოზ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე სიახლე შესაძლოა ტაქსის მძღოლებისთვის მტკივნეული საკითხი იყოს, მაგრამ მათი საქმიანობის რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. 
,,ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი რადგან მგზავრთა უსაფრთხოებაზეა საუბარი. ადრე თუ გვიან ამ საკითხამდე უნდა მივიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარება შეუძლებელია. მოხარულები ვართ, რომ ამ კუთხით მოხდება გაარდება რეგულაციები. ეს შეიძლება მტკივნეული საკითხი იყოს, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ მიმართულებით ცვლილება უნდა განხორციელდეს’’, – აცხადებს ჯანიაშვილი.