ახალი ამბები

პანკისში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება

როგორც knews.ge-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სულხან ბორძიკაშვილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ.დაახლოებით ერთი თვის წინ ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობა შეაჩერეს, ინვესტორები სამუშაოების გაგრძელებას მაინც გეგმავენ. მისივე ინფორმაციით, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მთლიანად შეჩერება. პანკისის ხეობაში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა ადამიანმა სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 29 ივნისს შეაჩერა. ჰესის მშენებელი კომპანია „ალაზანი ენერჯის“ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეები ტრაქტორებთან მივიდნენ და დასაქმებულ პირებს მოსთხოვეს, გათხრილი არხები მიწით ამოევსოთ. ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 90 მეტრში ჰესის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. ადგილობრივებმა „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. knews.ge-სთან საუბრისას ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ჰესის მშენებლობა გარემოზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს და საფრთხეს შეუქმნის პანკისის ფლორასა და ფაუნას. „ჰესის მშენებლობა დაუშვებელია. დაახლოებით 5 კილომეტრზე, სოფელ ბირკიანამდე ინვესტორების სურვილია მდინარე ალაზნის მილებში მოქცევა. ეს გამოიწვევს ტყის გამეჩხრებას და წყლის დონე ძალიან შემცირდება. სოფელი ბირკიანი დარჩება სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე, მთლიანად განადგურდება ფლორა და ფაუნა”, – განუცხადეს Knews.ge-ს პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა. პანკისის ხეობაში მესამე ჰიდროელექტროსადგურს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“– ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.