ახალი ამბები

პანკისის ხეობის სოფლები სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

როგორც knews.ge-ს კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, პანკისის ხეობის სოფლებში განახლდა და მოეწყო ფეხბურთის, კალათბურთისა და ფერნურთის სათამაშო მოედნები. სოფლების კლუბებში დამონტაჟდა ბილიარდის მაგიდა, ჩოგბურთის მაგიდები, სადაც ახალგაზრდები თავისუფალ დროს გაატარებენ.
პროფესიულ სპორტულ კლუბებსა და საჯარო სკოლებს კი გადაეცა საფეხბურთო ეკიპირება, კალათბურთის ფარები, ძიუდოს კიმონოები, საჭიდაო ჩოხები და ვარჯიშისთვის საჭირო სხვადასხვა სპორტული ინვენტარი.

კულტურისა და სპორტის მინისტრი პანკისის ხეობაში მოადგილეებთან, ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მიხეილ გიორგაძემ მოინახულა ახმეტის საფეხბურთო ბაზა, შეხვდა საკობიანოს, დუისის, ქვემო ხალაწანის, დუმასტურის, ომალოსა და ჯოყოლოს მოსახლეობას.
სოფელ ომალოში დაგეგმილია ძიუდოს ახალი დარბაზის მოწყობა, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით სრულად აღიჭურვება სპორტული ინვენტარით.
“ამ ეტაპზე, პანკისის ხეობის სოფლებში მოქმედებს ძიუდოს, ჭიდაობის, კიკბოქსინგის ჯგუფები. მოზარდები ახლადმოწყობილ და სრულად აღჭურვილ დარბაზებში ვარჯიშობენ, ასევე, დამონტაჟებულია ქუჩის ღია სავარჯიშო მოწყობილობები. მინისტრს მასპინძლობა გაუწიეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა. საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით სპორტი გამოცხადდა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად”, – განაცხადეს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.