ახალი ამბები

თუშეთში ტურისტული საინფორმაციო პუნქტი გაიხსნა

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომას პერნიცკი, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. ტომას პერნიცკის განცხადებით, საინფორმაციო პუნქტის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება მოხალისეობაზე დაფუძნებული ფინანსური თანამონაწილეობის პრაქტიკის გაცნობა თუშეთში ჩასული ტურისტებისა, თუ ვიზიტორებისათვის. აღნიშნული ფინანსური თანამონაწილეობა წარმოადგენს მოხალისეობრივ-საქველმოქმედო მოსაკრებელს. 
„ჩვენ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვახორციელებთ ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის პროექტს. ჩვენ გავხსენით საინფორმაციო პუნქტი, სადაც ტურისტებს ვთხოვთ, ნებაყოფლობით გაიღონ თანხა. მე ვიმედოვნებ, რომ ეს თანხა დაეხმარება უნიკალური და ლამაზი ადგილების დაცვას თუშეთში“, – განუცხადა knews.ge-ს ჩეხეთის ელჩმა ტომას პერნიცკიმ. 
გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკის მსგავსად, ფინანსური რესურსების მობილიზება თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე წვდომის გასაუმჯობესებლად და უნიკალური ტერიტორიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის. მისივე თქმით, წლევანდელი ტურისტული სეზონის განმავლობაში შეგროვებული თანხა მოხმარდება თუშეთში სერვისების გაუმჯობესებას, საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი საბანაკე ადგილების შექმნასა და კეთილმოწყობას. 
„თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმის მიხედვით ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენდა ტურისტული საინფორმაციო პუნქტის გახსნა და აქ ისეთი ინოვაციური მექანიზმის ამოქმედება, რომელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში. აქ ჩვენი თანამშრომლები იმუშავებენ ორი თვის განმავლობაში და ისინი ტურისტებს შესთავაზებენ სხვადასხვა სერვისს – უფასო ინტერნეტს, რუკებს, ინფორმაციას მიაწვდიან სოჯახო სასტუმროებსა და ტურისტულ ბილიკებზე“, – აღნიშნა ნანა ჯანაშიამ. 
ინიციატივა ხორციელდება ჩეხეთის განვითარების პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის ბუნების კონსერვაციის სააგენტოსა და კროკონოშეს ეროვნული პარკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, CENN-თან და თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან თანამშრომლობით. ინიციატივის მხარდამჭერია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო.