ახალი ამბები

სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგური აშენდება

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” გამარჯვებულს საკუთარ შვილობილ შპს “საქართველოს მზის კომპანიის” 90%–იან წილს გადასცემს. 
შპს “საქართველოს მზის კომპანიის” დირექტორ მიხეილ დოლბაძის განცხადებით, “სოლარ ფაუერ ჯორჯია” ქართული კომპანიაა და ერთადერთია, რომელმაც ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღო. მისივე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მზის პანელები შეიძინოს, ჩამოიტანოს და დაამონტაჟოს.
“ეს კომპანია ტენდერის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და ამიტომ გაიმარჯვა. ამის შემდეგ, ის თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიას დაიქირავებს. კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში მთავრობასთან სამშენებლო მემორანდუმი გააფორმოს და შესაბამისად, სამშენებლო ნებართვა აიღოს”, – განუცხადა BM.GE-ს მიხეილ დოლბაძემ.
სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ იქნება, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი – 6 900 000 კვტ/სთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია.