ახალი ამბები

კახეთში წითელათი ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც Knews.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წითელას შემთხვევა არ ყოფილა. 
“წითელათი ინფიცირების სამი შემთხვევაა დაფიქსირებული დედოფლისწყაროში, ხოლო ერთი – თელავში. ამჟამად 1 საეჭვო შემთხვევაა სიღნაღში, სისხლი აღებულია და მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირების შემდგომ იქნება შესაძლებელი მისი დადასტურება ან უარყოფა. ვირუსით ინფიცირებული 4 პირიდან აცრა ჩატარებული არ ჰქონდა სამს”, – განუცხადა knews.ge-ს ნელი ჯავახიშვილმა. 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე საქართველოში წითელას 1285 შემთხვევა გამოვლინდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ სამია.
წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სხეულის ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელ ადამიანს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ვირუსით ინფიცირებულისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. ვირუსული დაავადების პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე.