ახალი ამბები

თელავში ლგბტ აქტივისტები ნადიკვარი ტერასას მფლობელებს შანტაჟში ადანაშაულებენ

ლგბტ თემის წევრების თქმით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მათ კაფეში ფული საბანკო ტერმინალის გაუმართაობის გამო ვერ გადაიხადეს, მოგვიანებით თანხის მიტანა კი დაავიწყდათ. 
ლგბტ აქტივისტი ნინა ზაზაშვილი აცხადებს, რომ კაფის ბუღალტერი ვალის დაბრუნების მიზნით დაუკავშირდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით დაემუქრა. ზაზაშვილის მტკიცებით, დაწესებულების ბუღალტრის გარდა, მას კაფეს ერთ-ერთი მფლობელიც დაემუქრა. იგი კაფეს მფლობელებს გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
,,ორი კვირის წინ მე და ჩემი ორი ტრანსგენდერი ქალი მეგობარი, მარია ზვიადაძე და მონიკა თიგიშვილი ვიყავით შესულები კაფეში, რაღაცეები შევუკვეთეთ და როდესაც მოვითხოვეთ ანგარიში, რომ გადაგვეხდა, გვითხრეს, რომ ტერმინალი არ მუშაობდა. ჩვენ თანხა ხელზე არ გვქონდა. გამოგიშვეს და გვითხრეს, რომ შემდეგ დღეებში აგვეტანა ფული. ამაზე დავთანხმდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მარიას დაავიწყდა და გუშინ დაურეკეს მონიკას, თანხა მოსთხოვეს. მან უთხრა ჩემთვის დაერეკათ და ეკითხათ, მარია როდის გადარიცხავდა თანხას. მე დამირეკეს, ისე რომ არ ვიცოდი ეს ამბავი, ვიღაც ქალი მელაპარაკებოდა და პირდაპირ აგრესიული ტონით საუბრობდა. არ მაცადა ახსნა, რომ მე არ ვიყავი ამ თანხაზე პასუხისმგებელი პირი და ვეუბნებოდი, გავარკვევდი ამ საკითხს, მაგრამ ის პირდაპირ გადმოვიდა შეურაცხყოფაზე. მან თაღლითი მიწოდა, ქუჩურ ჟარგონებს იყენებდა, მითხრა, რომ მე ვიყავი ინტრიგანი და ფულის “დაწერება” მინდოდა მათთვის. ბუღალტერმა მითხრა, რომ ჩემი პირადი ურთიერთობები იცოდა დეტალურად და ამის გასაჯაროებით დამემუქრა. მერე კაფეს მეპატრონემ ნიკოლოზ ლაშხმა გამოართვა ტელეფონი და პირდაპირ ყვირილი დაიწყო, ვინ გდიხარო, ადგილსამყოფელს მეკითხებოდა, რომ მოსულიყო და ფიზიკური დაზიანება მოეყენებინა ჩემთვის. პიდარასტი ხარო. დედა შემაგინა და საკუთარი გავლენის გამოყენებით დამემუქრა, რომ სადაც არ უნდა მეთქვა მისი ამ შეურაცხყოფის შესახებ, ვერაფერს დავაკლებდი. ზუსტად ჩემი მეგობრების იდენტობის გამო იყო ასეთი სიძულვილი, აგრესია, შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინა ზაზაშვილმა.
კაფეს ერთ-ერთი მეპატრონე ნიკოლოზ ლაშხი თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელთან შეურაცხმყოფელ საუბარს არ ადასტურებს.
მე შევესწარი, ბუღალტრის საუბარს, რომელიც ამ გოგონას ეუბნებოდა, რომ არ იყო ეს სწორი საქციელი. ისინი უარყოფდნენ, რომ თანხა ჰქონდათ გადასახდელი. მუქარა არ ყოფილა“-აცხადებს ნიკოლოზ ლაშხი.
თანასწორობის მოძრაობის თელავის რესურსცენტრმა მომხდართან დაკავშირებით პოლიციას უკვე იმართა.