ახალი ამბები

ომბუდსმენი – ფემიციდი უნდა განისაზღვროს, როგორც ცალკე მდგომი დანაშაული

ნინო ლომჯარიას თქმით, ანგარიშში ასახულია 2016 წელს მომხდარი ქალთა გენდერული მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების ანალიზი ქვეყნის მიერ მდედრობითი სქესის მიმართ ძალადობისგან დაცვისა და დახმარების კუთხით ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებაში.
ომბუდსმენის ინფორმაციით, შეტყობინებებისა და შემაკავებელი ორდერების გაზრდილი მაჩვენებლების მიუხედავად, ქალთა მკვლელობების საკითხებზე მონიტორინგის და შეფასების სისტემა, სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა დაინერგა.
„მხოლოდ 2017 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის 26 ფაქტზე და მათ შორის 14 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი; ქალთა მკვლელობის მცდელობის მუხლით 15 ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მათგან ოჯახში ძალადობის ნიშნით 12 ფაქტი იყო ჩადენილი. ეს სტატისტიკა მიანიშნებს, რომ ქალთა მკვლელობების უმრავლესობა ოჯახში ძალადობას უკავშირდება და ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის უმთავრესი რეკომენდაციაა ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
,,ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშის“ მიხედვით, ფემიციდის დიდი რაოდენობა მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთან, ისე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პოლიტიკასთან და ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა სისტემის ნაკლოვანებებთან. შესაბამისად, ხარვეზების გამოსასწორებლად აუცილებელია სისტემური ნაბიჯების გადადგმა.