ახალი ამბები

კახეთში დასაქმების ფესტივალი გაიმართება

პროექტის ფარგლებში, თელავში, 7 ივლისს, ჩატარდება არასტანდარტული კონცეფციის დასაქმების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანია შესაბამისი ვაკანსიებით. ღონისძიების მიზანია: რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობა; დასაქმების მსურველთა და დამსაქმებელთა დაკავშირება; ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების უახლესი ტენდენციების გაცნობა და მოტივაციის ამაღლება.
„პირველი ღონისძიება დაგეგმილია ქალაქ თელავში. თელავი ჯობს/Telove Jobs იმართება პროექტის „ჩვენ გეძებთ შენ“ ფარგლებში. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში. ნადიკვრის პარკში, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით და სტაჟირებით. ვაკანსიები წინასწარ გამოქვეყნდება Studentjob.ge-ზე. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ კომპანიას, რომელსაც ესაჭიროება ადამიანური კაპიტალი კახეთის რეგიონში“, – განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა. 
პროექტი ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით.