ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეს თავს დაესხნენ

ცოლ-ქმარი დანაშაულის ჩადენაში ამავე სოფელში მცხოვრებ მამაკაცს ადანაშაულებს. მათი განცხადებით, მამაკაცს მათი კუთვნილი მაღაზიიდან ღვინის მიცემაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა ნაჯახით დააზიანა. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, დაზიანებული ავტომანქანა კი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 
ოჯახი ამბობს, რომ მამაკაცი მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. ისინი დამნაშავის დაკავებას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ცოლ-ქმარს სახლში დარჩენის ეშინია და უსაფრთხოების მიზნით, ღამის გათენებას პოლიციის განყოფილებაში აპირებენ.

1tv.ge-ს ფოტო