სტატიები

კახელ ფერმერებს მიწის ხარისხი არ აინტერესებთ

ისინი ნიადაგის კვლევის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ. მათი განმარტებით, სხვადასხვა სახის პროდუქტი ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით, პესტიციდებით მოყავთ, რომელიც მიწას არ აბინძურებს. 
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები გიორგი ალადაშვილი მიწას ბიოდინამიური მეთოდით, მთვარის კალენდრის მიხედვით ამუშავებს. ის ვენახს ათამდე სხვადასხვა სახეობის მცენარის ნახარშისგან დამზადებული ხსნარით წამლის. მეწარმე ვაზის მოვლის დროს აგროქიმიკატებს არ იყენებს. მისი განმარტებით, პესტიციდები დროთა განმავლობაში ვაზს აზიანებს, ღვინოს გემოს უკარგავს და მიწას აზიანებს. 
,,მევენახე ცდილობს დაავადებების თავიდან ასაცილებლად შეიტანოს ხელოვნური სასუქები, რომლებიც ფაქტობრივად კლავს და ანადგურებს მიწას. მე მიწას ბიოდინამიური მეთოდით ვამუშავებ. ჩემი მიზანია, მიწა არ დავაბინძურო, რომ მოსავალი, რომელსაც მივიღებ, იყოს ეკოლოგიურად სუფთა. ვენახის მოვლისასაც ვიყენებ ბალახის ნაყენებს’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ალადაშვილმა.
კახეთში მიწების მდგომარეობას სწავლობს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ნიადაგის კვლევის ლაბორატორია. უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თქმით, ლაბორატორიამ მუშაობის დაწყებიდან პირველად თელავის მუნიციპალიტეტში ნიადაგის კვლევა ჩაატარა. მანანა კევლიშვილის ინფორმაციით, კვლევის შედეგები არასახარბიელო აღმოჩნდა, რადგან ფერმერებმა არ იციან, რა ელემენტი ესაჭიროება მის ნიადაგს სისუფთავისა და ნოყიერებისთვის. 
,,22 ფერმერის ნაკვეთიდან ავიღეთ ნიადაგის ნიმუშები. მუშაობის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნიადაგის ნოყიერდება არასრულად, რადგან ფერმერს არ აქვს ინფორმაცია, რა სახის ელემენტი ესაჭიროება მის ნიადაგს. მუშაობის შემდეგ ფერმერებს რეკომენდაციები მივაწოდეთ, დავაკონკრეტეთ რა სახის და რა რაოდენობის სასუქის შეტანა იყო საჭირო, რომელი ელემენტებით იყო ნიადაგი დაბინძურებული და სხვა’’- ამბობს knews.ge-სთან საუბრისას მანანა კევლიშვილი.
ფერმერები რომ არ ინტერესდებიან ნიადაგის კვლევით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრშიც საუბრობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისში მოქმედებს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, თუმცა ის არ ემსახურება კერძო ფერმერებსა და კომპანიებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ლაბორატორია ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, რომლის ფარგლებში ნიადაგის ნაყოფიერებას და სხვა მახასიათებლებს იკვლევენ ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. 
„ვერ ვიტყვით, რომ ბევრი ფერმერი ინტერესდება ნიადაგის კვლევით, მაგრამ თუ გადავხედავთ გასულ 5 წელს, შედარებით გაზრდილია ფერმერთა რაოდენობა, რომელიც ამ საკითხით ინტერესდება. ისინი არიან ძირითადად ის ფერმერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფერმერული მეურნეობის დაწყებამდე აუცილებელია ნიადაგის შესწავლა,’’ – განუცხადა Knews.ge-ს სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის ლაბორატორიის უფროსმა გიორგი ღამბაშიძემ.