მეაბრეშუმე ქალი სიღნაღიდან

ლამარა აბრეშუმის პარკების დამუშავების და ძაფის ამოყვანის შემდეგ ამზადებს პერანგებს, თავსაბურავებს და ყურთბალიშებს.
ბეჟაშვილმა ეს საქმიანობა ბებიისგან ისწავლა. იგი ამბობს, რომ წლებია, რაც ეს დარგი არ ვითარდება. ლამარა ცდილობს ტრადიციები შეინარჩუნოს და ცოდნა ახალგაზრდებსაც გადასცეს. 
,,მეაბრეშუმეობა ბებიისგან ვისწავლე. როცა ბებიასთან მოვდიოდი ვეხმარებოდი აბრეშუმის მოვლაში. აბრეშუმის ჭიას მის დანატოვარ სახლში ვამრავლებ. ეს რთული საქმეა, თუმცა სასიამოვნო. აბრეშუმის ჭიის მოსავლელად საჭირო პირობებია შესაქმნელი. დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურის სწორად შერჩევას. 24-25 გრადუსი აუცილებელია აბრეშუმის ჭიის გამოსაყვანად. თითო პარკში, რომელსაც ჭია ქსოვს, არის 1500 მეტრი ძაფი. იმ ძაფებს ბუნებრივი მცენარეული საღებავებით ვღებავთ. ღოლო არის მცენარე, რომლის ძირიც ყვითლად ღებავს ძაფს, ქრისტესისხლაც ყვითლად ღებავს. 3-4 ფერს ვიღებთ ენდროსგან. ძალიან მინდა დარგი აღორძინდეს, ბევრმა ადამიანმა დაიწყოს ეს საქმიანობა. მე მზად ვარ ავიყვანო მოსწავლეებიც და შევასწავლო საქმე’’,-აღნიშნავს ლამარა ბეჟაშვილი.
ლამარა ბეჟაშვილის ინფორმაციით, აბრეშუმის ჭიები გასამრავლებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიაქვთ. იგი ამბობს, რომ აბრეშუმის ჭია სამკყრნალო თვისებებით გამოირჩევა. 
,,რთული საქმეა მეაბრეშუმეობა. რთული მოსავლელები არიან ჭიები. მათ აქვთ პირღებინება, ფაღარათი, სხვადასხვა დაავადება უჩნდებათ და ამ ყველაფერს დროულად სჭირდება მიხედვა, პროფილაქტიკა. ძალიან დამღლელია გადაღების პროცესი. აბრეშუმის ჭია სამკურნალოა და 33 დაავადებას კურნავს’’, – აცხადებს ბეჟაშვილი. 
მისი თქმით, მეაბრეშუმეობისა გარდა, ქართული ტრადიციული რეწვის დარგები, რომელსაც საქმიანობაში იყენებს, სხვადასხვა სოფელში მოხუცი ხელოვანებისგან ისწავლა.
,,ქართული ტრადიციული რეწვის დარგებს: ქარგვას, სიმინდის ფუჩეჩზე მუშაობას, კალათების მოწვნას და ა.შ. სოფლებში მოხუცებისგან ვსწავლობდი. რაც შეეხება მეაბრეშუმეობას, ეს დარგი არის უნიკალური, რადგან არის უდანაკარგო. ჩვენი წინაპრები აბრეშუმის სამოსში იმოსებოდნენ. აბრეშუმს იცმევდნენ ავადმყოფობის დროსაც, ან აბრეშუმის ლეიბზე წვებოდნენ. ქართული აბრეშუმი სწორუპოვარი იყო მსოფლიო ბაზარზე. როგორც ქართული ქვევრის ღვინოა უძველესი და უნიკალური, ასეა ქართული აბრეშუმიც. მსოფლიო გამოფენებზე წლების განმავლობაში არაერთი პრიზი და ჯილდო აქვს მოპოვებული’’, – ამბობს მეაბრეშუმე. 
ლამარა ბეჟაშვილს 9 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. იგი ამბობს, რომ დარგის აღორძინება სოფლებში მეტი ადგილობრივის დასაქმებას შეუწყობს ხელს. მისი განმარტებით, როდესაც გასულ წლებში, კახეთში, აბრეშუმის ორი საშრობი მუშაობდა, უმუშევრობის პრობლემა ნაკლებად იყო. 
,,დარგი რომ აღორძინდეს და ბევრმა დაიწყოს საქმიანობა, ბევრი ადამიანი დასაქმდება. სოფლებში არ გვეყოლება არც ერთი ღარიბი ოჯახი. ეკონომიურად მოძლიერდება ხალხი. მე ბევრი მთხოვს სამსახური დავაწყებინო, მაგრამ არ ვარ ეკონომიურად ისე მოძლიერებული, რომ ყველა დავასაქმო. წლების წინ ასე იყო: ჯერ სახლში უვლიდნენ აბრეშუმს, მერე მიჰქონდათ საშრობებში. კახეთში ორ რაიონში იყო საშრობი, სადაც შრებოდა პარკი, შემდეგ მიჰქონდათ ქარხანაში და იქ მუშავდებოდა’’,- აღნიშნავს ლამარა ბეჟაშვილი.
მეწარმის აზრით, ქართული აბრეშუმი კონკურენტუნარია და თუ სახელმწიფო ამ დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს, არ არის გამორიცხული, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს.