ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

მაჩალიკაშვილი გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა. მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, მთავრობის მეთაური მის ოჯახს ტერორისტებად მიიჩნევს. მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის დისკრიმინაციაზე ისაუბრა მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმაც.
„ეს არის ერთგვარი ჩაგვრა, პირდაპირი ხაზგასმა და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ცალკე გამოიყო თემირლან მაჩალიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია. ეს იყო პირდაპირი დისკრიმინაცია და ადამიანი დაჩაგრულად გრძნობს თავს. ამის გამო იძულებული ვხდებით, რომ მივმართოთ რეგიონებს. მისი გადაწყვეტილებაა, რომ მიმართოს პანკისის ხეობას და რიგით მოქალაქეებს, რომ დაუდგნენ გვერდით ამ დაჩაგრულ ადამიანს“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან, ამ წუთებში, იმყოფება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ დღეს დილით გაავრცელა განცხადება, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, თუმცა შეხვედრას პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები არ უნდა დაესწრონ.
„პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს; მათი სურვილის შემთხვევაში – სახალხო დამცველთან ერთადაც. მედიას კი მიეცემა შესაძლებლობა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწეროს აღნიშნული შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები,”- ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.